ჩინეთი ენერგოკრიზისმა მოიცვა – ითიშება ლიფტები და შუქნიშნები

ჩინეთში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი, რომელიც თავიდან მხოლოდ მრეწველობას შეეხო, ამჟამად სულ უფრო მეტად რიგითი ადამიანების ცხოვრებაზეც აისახება.

რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგიის ნორმირებული მოხმარებაა შემოღებული – ითიშება ლიფტები და შუქნიშნები, ადგილობრივი ხელისუფლებები მოქალაქეებს კონდიცირებაზე უარის თქმას და ბუნებრივი განათების პირობებში მუშაობას ურჩევენ.

განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში – ზოგიერთ ქალაქში დღე-ღამეში რამდენიმე საათით არა მხოლოდ შუქ-ნიშნები, არამედ ითიშება ქუჩების განათება, ლიფტები ცათამბჯენებში და გათბობა სახლებში.

პროვინცია ჰეინლუნცზიანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ენერგოკრიზისის გაგრძელების შემთხვევაში მას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისთვის სხვა ობიექტების ხარჯზე პრიორიტეტის მინიჭება მოუწევს – პირველ რიგში საუბარია ჯანდაცვის სისტემაზე, პურის საცხობებზე, კვების პროდუქტების მწარმოებლებზე და ა.შ.

ჩინეთის პროვინცია გუანდუნის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს ლიფტები გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, როდესაც 3 სართულზე მაღლა ასვლა უწევთ, და 26 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში კონდიციონერები არ ჩართონ.

რამდენიმე მსხვილ ქალაქში მოსახლეობა უახლოეს დღეებში ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვის თაობაზე გააფრთხილეს, სოციალური ქსელებში კი უკვე ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, სადაც ადამიანები რამდენიმე ათეულ სართულს ფეხით გადიან, ავტომობილები კი სრულ სიბნელეში გადაადგილდებიან.

კიდევ უფრო მეტად ენერგოკრიზისი საწარმოებს აზარალებს – მოსახლეობისგან განსხვავებით ისინი შეზღუდვების პირობებში უკვე დიდი ხანია მუშაობენ. ზოგ რეგიონში ქარხნები ელექტროენერგიას განრიგით იღებენ, ზოგში კი საწარმოების ნაწილი დროებით გაჩერებულია.

დაზარალებულებს შორისაა Apple-ის და Tesla-ს რამდენიმე მიმწოდებელი – მათაც, მაღალი სტატუსის მიუხედავად, პერიოდულად გაჩერება უწევთ.

ასეთი დრამატული ენერგოდეფიციტი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია – მათ შორისაა პოსტპანდემიური ეკონომიკური ზრდის პირობებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა, ჩინეთის მხრიდან ნახშირზე უარის თქმა და ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ენერგომატარებლებზე გადასვლა.

კრიზისის გაღვივებას ხელი ასევე ჩინეთს და ავსტრალიას შორის სავაჭრო კონფლიქტმა შეუწყო – სწორედ ავსტრალიაა ჩინეთისთვის ნახშირის უმსხვილესი მიმწოდებელი. სამხრეთ ჩინეთში ენერგოკრიზისი ცხელმა ამინდმა და მდინარეებში ჰესების სრულმასშტაბიანი მუშაობისთვის წყლის არასაკმარისმა დონემ გააღრმავა.

გარდა ამისა, პეკინი ადგილობრივი ხელისუფლებებისგან ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების გამოყოფის შემცირებას ითხოვს. თუმცა, პირველ რიგში ელექტროენერგიის დეფიციტი გაზზე და ნახშირზე ფასების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია – ამ წელს ჩინეთში ეს ორი ენერგომატარებელი, მოთხოვნის ზრდის პირობებში, 2-ჯერ გაძვირდა.

გარდა ამისა, 2019 წელს პეკინმა ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის გაყინა და ღირებულების ზრდის მთელი სიმძიმე სწორედ ინდუსტრიაზე გადავიდა, მრეწველობამ კი ამას წარმოების შემცირებით უპასუხა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title