20–25 დოლარი ბარელზე – მარტისთვის მსოფლიოში ნავთობის უპრეცედენტო გაიაფებას ელოდებიან

რუსეთი და ამერიკა მეთანის გაჟონვას ერთად შეებრძოლებიან

4 ივნისს რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ თათრეთში, მიწისქვეშა გაზის მილიდან გაჟონვა მოხდა. თანაც საკმაოდ სერიოზული.

წლების წინ ასეთი  დაზიანება შეუმჩნევლად ჩაივლიდა, მაგრამ არა 2021 წელს, როდესაც, სწორედ ამ ინციდენტის დროს დედამიწისგან 800 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი Copernicus Sentinel 5P, რომელიც სწორედ მეთანის და სხვადასხვა გაზების გაჟონვის შემთხვევებს აფიქსირებს.

რუსეთის ტერიტორიაზე ავარია ხელსაწყოებმა დილის 11.01 საათზე შეამჩნიეს, უკვე 2 საათში, როდესაც თანამგზავრი მეორე წრეზე წავიდა, გაზის ღრუბელმა უკვე 395 მეტრული ტონა შეადგინა.

ეს ინფორმაცია შეატყობინეს „გაზპრომს“, რომელმაც ოპერატიული ჯგუფი ავარიის ადგილზე დაუყოვნებლივ გაგზავნა.

ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს მეთანის ატმოსფეროში გაფრქვევის მონიტორინგის სისტემა. თანამგზავრებს ინფორმაციის ონლაინ-რეჟიმში მიწოდება შეუძლიათ და ეს სისტემა განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მეთანის მსხვილ გაჟონვებთან, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს და ამიტომაც მათ შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის.

თანამგზავრებს შეუძლიათ დაადგინონ, ვის ეკუთვნის დაზიანებული მილსადენი და ვინაა დამნაშავე გაჟონვაში, ეს კი დამნაშავე-კომპანიებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას იძლევა.

„თანამგზავრულმა მხილებებმა“ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაამწვავონ ვითარება გლაზგოში დაგეგმილ კლიმატურ სამიტზე, სადაც სასათბურე გაზების ჰაერში გამოყოფის მორიგი შემცირების საკითხის განხილვა იგეგმება.

ნასა-ს მონაცემებით,  ატმოსფეროს დაბინძურების კუთხით უპირობო ლიდერია CO2, რომელიც საწვავის მოხმარებისას გამოიყოფა, ხოლო მთელი დაბინძურების მეოთხედი სწორედ მეთანზე მოდის – პირველ რიგში აი ასეთი გაჟონვების წყალობით.

დღეს მსოფლიოში გაზის უმსხვილესი მომპოვებელი რუსეთია, მას დიდი ჩამორჩენით მოჰყვებიან ირანი, ჩინეთი, კანადა და ყატარი. ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელია აშშ, რომელიც ბოლო წლებში ფიქალის გაზის ტექნოლოგიას ავითარებს.

მეცნიერების აზრით, დედამიწაზე გლობალური დათბობის შენელების პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ჰაერში სწორედ მეთანის გამოყოფის შემცირება იქნება. თუმცა, ამასთან ერთად მათ ატმოსფეროში მეთანის გამოყოფის მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს, ანუ საქმე სასურველთან შედარებით, სრულიად განსხვავებულ რეალობასთან გვაქვს.

სწორედ მეთანის საიდუმლო იქნება გლაზგოს სამიტის დროს ერთ-ერთი ძირითადი თემა. ამერიკამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ერთიან შეთანხმებას, რომელიც 2030 წლისთვის მეთანის გამოყოფის მესამედით შემცირებას ითვალისწინებს.

ამ დოკუმენტს ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის 20 ყველაზე განვითარებული სახელმწიფო  შეუერთდა, თუმცა, არა რუსეთი. ნავთობისა და გაზის მოპოვება რუსეთში პიკს აღწევს, და ამიტომაც ექსპერტები უკიდურესად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პუტინის დათანხმებას იმაზე, რომ მან საკუთარ ტერიტორიაზე გაზის მოპოვების და შესაბამისად, ატმოსფეროს დაბინძურება შეამციროს.

რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხებში რუსლან ედელგერიევმა განაცხადა, რომ მოსკოვი მეთანის გაჟონვაზე კონტროლს მკვეთრად გაამკაცრებს, რადგანაც, CO2-სგან განსხვავებით, მეთანს არ შთანთქავენ ტყეები და ის ადამიანებისთვის დიდ რისკს წარმოადგენს.

„ჩვენ არაფერს ვმალავთ და ვაღიარებთ, რომ უკონტროლო გაჟონვის ფაქტები არსებობს, რაც ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენ არსებული ვითარებიდან გამოსვლის გზებს ვეძებთ და ამერიკელებთან ერთად ამ საკითხში ძალიან შედეგიანად ვთანამშრომლობთ“ – განაცხადა ედელგერიევმა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply