ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

ენერგეტიკული ობიექტების როლი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ხელშეწყობაში

ბოლო პერიოდში, აზიის ქვეყნების მედიებში ისევ აქტიურად ჩნდება ინფომაცია თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (TAPI), იგივე ტრანს-ავღანური გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებული წესით გაგრძელების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ის ავღანეთის სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, დროებით კვლავ შეჩერდა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, თურქმენეთსა და ავღანეთს შორის წარმატებული მოლაპარაკების შედეგები დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

1,814 კილომეტრიანი მილსადენი თურქმენეთის გალკინიშის ბუნებრივი აირის საბადოებიდან ავღანეთისა და პაკისტანის გავლით, ინდოეთის ქალაქ ფაზილკამდე მივა, რომელიც პაკისტანისა და ინდოეთის საზღვართან, ფენჯაბის შტატში მდებარეობს. ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მთავარი მომხმარებელი პაკისტანი იქნება.

გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 33 მილიარდი კუბური მეტრია. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი – 8-10 მილიარდი აშშ დოლარი. მისი დაწყება 2017 წელს იგეგმებოდა, რომელსაც 2000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა, თუმცა, ინდოეთ-პაკისტანს შორის არსებული დაძაბულობის გამო, გადაიდო.

განსაკუთრებით საინტერესო აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზეზია. ის 1990-იანი წლების დასაწყისში, ყაზახეთისა და თურქმენეთის ნავთობკომპანიებმა შეიმუშავეს, რადგან  რუსეთი, რომელიც აკონტროლებდა ხსენებული ქვეყნების ყველა საექსპორტო მილსადენს, პეროდულად, სხვადასხვა „მიზეზის“ გამო, ზოგჯერ კი სრულიად უმიზეზოდ, უარს ამბობდა მისი მილსადენების ქსელის გამოყენებაზე. აღნიშნულ კომპანიებს სჭირდებოდათ დამოუკიდებელი საექსპორტო მარშრუტი, რომელიც თავიდან აიცილებდა როგორც ირანთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობას.

ამაჟამინდელმა სიტუაციამ კი აღნიშნული პროქტის წარმატებით განხორციელებისთვის დამატებითი მიზეზები გააჩინა. როგორც ცნობილია, COVID-19 პანდემიის შემდეგ ბევრი ქვეყანა ახალი ტიპის პრობლემის წინაშე დადგა. დედამიწა ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. მსოფლიო იძულებულია ენერგიის მიღების ახალი წყაროების მოძიება დაიწყოს.

ხსენებული კრიზისი მწვავედ შეეხო პაკისტანს და ინდოეთს, რომ აღარაფერი ვთქვათ ავღანეთზე. განასკუთებით ცუდ სიტუაციაში ალბათ მაინც ინდოეთია, რომლის ეკონომიკაც სწრაფი ტემპით იზრდება და მისი იაფი და საკმარისი ენერგიით უზრუნველყოფა სულ უფრო და უფრო რთულდება. ხსენებული გაზსადენის პროექტის წარმატებით განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ქვეყნისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთ-პაკისტანს შორის ორმხრივი პრობლემები არსად გამქრალა და გასათვალისწინებელია თალიბანის ფაქტორიც, საერთო ინტერესი მჭიდრო თანამშრომლობაზე უბიძგებს ხსენებულ ქვეყნებს. შეხების მთავარი წერტილი და დიალოგის მნიშვნელოვანი საგანი კი, მსოფლიოში და რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სწორედ ენერგეტიკული ობიექტია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაზსადენი უახლოეს მომავალში შესაძლოა გავრცელდეს ბანგლადეშის, ნეპალისა და ბუტანის ტერიტორიებზე, რაც საშუალებას მისცემს ყველა რეგიონალურ აქტორს მნიშვნელოვანი სარგებელი ნახოს. TAPI-ს მილსადენის პროექტის წარმატებით განხორციელებას ახალი იმედი მოაქვს მთელი რეგიონისთვის.

 

საქართველო, აფხაზეთის რეგიონი და ენგურჰესი

როდესაც ენერგეტიკულ ობიექტებზე ვსაუბრობთ, რომელთა წარმატებით გამოყენება ორ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის საწარმებლად არ შესაძლებელი, პირველ რიგში გვახსენდება „ენგურჰესი“, რომლის სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებულ გალის რაიონის ტერიტორიაზეა, კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნაწილი კი – წალენჯიხის რაიონში.

1997 წლის სიტყვიერი შეთანხმებით, აფხაზურ მხარეს ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღო და თავდაპირველად, კრიპტოვალუტის ბაზრის გააქტიურებამდე, ხშირად, ხსენებულ 40%-საც ვერ ითვისებდა, თუმცა წლების მანძილზე მომხმარება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და განსაკუთრებულ მძიმე ტვირთად დააწვა ქართულ ენერგოსისტემას, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი, რეგიონის უმთავრეს პრობლემადაც იქცა.

ელექტროენერგიის დეფიციტი, მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა თუ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივი საზოგადოებისა თუ მედიის მსჯელობის საგანი ხშირად ხდება.

აფხაზეთის ენერგოსისტემა ძირითადად, ელექტროენერგიაზეა აგებული. რეგიონში ომამდე ენგურჰესის, სოხუმის ჰესისა და ტყვარჩელის თბოსადგურის გარდა ოცზე მეტი მცირე ჰესი ფუნქციონირებდა. ომმა ენერგოსისტემას მნიშვნელოვანი მატერიალური და ინფრასტრუქტურლი ზიანი მიაყენა. მართალია, ჰესმა ამ ზარალს მეტნაკლებად აარიდა თავი, მაგრამ არ გაუმართლათ სხვა სადგურებს. მაგალითად სოხუმის ჰესი მხოლოდ 2018 წელს გარემონტდა, ხოლო ტყვარჩელის თეს-ი დღემდე მიტოვებული და გაძარცვულია. თითქმის ყველა მცირე ზომის ჰესი ასევე უფუნქციოდ არის დარჩენილი. ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ენგურჰესი და რუსული იმპორტია, ხოლო რეგიონში ყველაზე დიდი ენერგო გენერატორი – ვარდნილჰესი 1-ია.

გარდა მატერიალური ზარალისა, აფხაზეთის ენერგოსისტემამ დანაკარგი ნახა პროფესიულ კადრებში. როდესაც ვსაუბრობთ დევნილებზე, ყურადღების მიღმა რჩება ის გარემოება, რომ ეს ადამიანები არამხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ ეკონომიკის სხვა და სხვა სფეროებშიც იყვნენ აქტიურად ჩართულები და მათი განდევნით ადგილობრივმა ეკონომიკამ, განათლებამ თუ სხვა სფეროებმა დანაკარგი განიცადეს. ადგილობრივი განათლების სისტემა ამ დანაკლისს ვერ ავსებს. მეტიც – ის აფხაზური ენის შენარჩუნებასაც კი ვერ ახერხებს.

ენერგოსისტემის პრობლემებს ემატება გაზიფიკაციის არარსებობა რეგიონში. ენერგიის მთავარი წყარო სწორედ ელექტროენერგიაა, რომელსაც მოსახლეობა უკონტროლოდ და დაუზოგავად მოიხმარს გასათბობად, გასაგრილებლად და ცხელი წყლისთვის, მათ შორის სასტუმროებსა და რესტორნებში, აქტიურ ტურისტულ სეზონებზე. აღნიშნული კი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ინფრასტრუქტურას დამატებით ტვირთად აწევს. ხშირად მწყობრიდან გამოდის ტრანსფორმატორები, ზიანდება გადამცემი ხაზები. იყო შემთხვევები, როდესაც COVID პაციენტები გარდაიცვალნენ ძაბვის ვარდნის მიზეზით, საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში შუქის გათიშვის გამო. მონოპოლისტი „ჩერნომორენერგო“ დროულად მხოლოდ ქალაქებში მომხდარი ავარიების ლიკვიდაციას თუ ახერხებს, თანაც იმ პირობებში, როდესაც რეგიონში სულ რამდენიმე ჰესი თუ მცირე სადგური ფუნქციონირებს. ინფრასტრუქტურის უფრო მეტად გამართვა/ათვისების შემთხვევაში პროფესიული კადრების ნაკლებობა და კომპანიის არაეფექტური მუშაობა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში უმეტესად ისევ ძველ, საბჭოთა პერიოდის მრიცხველებს იყენებენ, ხოლო სოფლად თუ ქალაქად მათი გაკონტროლება არ ხდება. ამას ემატება კრიპტო ფერმები. უფასო დენი რჩება სამოთხედ კრიპტო მაინერებისთვის. აქ კრიტო ვალუტას მოიპოვებს ყველა, რუსი გენერლებიდან დაწყებული, „კანონიერი ქურდებით“ დამთავრებული. მაგ: მაინინგის გამო 2019 წელს მოხმარებამ 2 მილიარდ კვტ.სთ-ს მიაღწია. 2020 წელს კიდევ მოიმატა და 2,5 მილიარდ კვტ.სთ-ს გადააჭარბა. 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2,372 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 20%-ით მეტია.

ადგილობრივი ხელისუფლება ეფექტურად ვერ და არ ებრძვის ამ პრობლემას. ერთის მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები კრიპტო მაინინგთან დაკავშირებით ხშირად იცვლება – ის ზოგჯერ ლეგალური ხდება, ზოგჯერ – არალეგალური. მეორეს მხრივ კი მაინინგის მომგებიანობის გამო ადგილობრივი პოლიტიკური ელიტები პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართული ამ ბიზნესში.

მოცემული ვითარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ქართულ ენერგოსისტემასაც.

ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა “ენერგოპლატფორმასთან” წყლის მარაგებთან დაკავშირებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბრობს:

“ენგურჰესის (ჯვარის) წყალსაცავი თავის დროზე ზამთარში ქვეყნის ელ.ენერგიით მომარაგებისთვის შეიქმნა, მაგრამ წელს საშემოდგომო მარაგად იქცა და, შესაძლოა, ასეც გაგრძელდეს უახლოეს წლებში.

წყლის ინტენსიური ხარჯვის გამო წყალსაცავში დონე უკვე ჩამოცდა იმ ნიშნულს, რომლის ქვემოთ მხოლოდ ავარიული მარაგია. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, სხვანაირად ქართული მხარე ვერ მიიღებდა კუთვნილ წილს. რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება გაართულებს ენერგოსისტემის ფუნქციონირებას ზამთარში, თუმცა, საბედნიეროდ, ქვეყანა უკვე მხოლოდ მე-9 ბლოკის იმედად არაა, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სიმძლავრეები შევიდა ექსპლუატაციაში (დაკარგულ შესაძლებლობებზე ლაპარაკი ალბათ არა ღირს).

მიუხედავად ბოლო დროს განხორციელებული შეზღუდვებისა, აფხაზეთის წლიური მოხმარება უკვე იმხელაა, რომ მხოლოდ ორი მესამედით შეგვიძლია მოვამარაგოთ, მესამედი კი უნდა შეავსოს რუსეთიდან იმპორტით. მოკლედ, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა.“

ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში, როდესაც მოხმარება პიკს აღწევს და ენგური-ვარდნილჰესების გამომუშავება რეგიონისთვის საკმარისი არ არის, რუსეთიდან რეგიონს დაახლოებით 800 მილიონ კილოვატ საათი მიეწოდება.

არსებული მძიმე სიტუაცია სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისგან.

ერთ-ერთი გამოსავალი სოხუმისთვის მოსკოვთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებებია. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთლიანი ენერგოსისტემის პრივატიზაციაზე და რუსული ინვესტიციის ჩადებაზე (გალის რაიონში არსებული მხოლოდ 4 ვარდნილჰესის რეაბილიტაციას 10 მილიარდი რუბლი ჭირდება).

თუმცა, რუსული ინვესტიციის მისაღებად მხოლოდ კრემლის პოლიტიკური ამოცანები არ არის საკმარისი. სოხუმმა რუსული კაპიტალიც უნდა დაარწმუნოს, რომ ღირს აფხაზეთის ენერგეტიკაში ფულის დაბანდება. ეს ამოცანა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც იგივე „ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, რეგიონში ელექტრო ენერგიაზე გადასახადების ამოღება უმთავრეს პრობლემად რჩება.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი ძალიან დაბალია. კილოვატ/სთ ელექტროენერგია $0.0063 ღირს, რაც 1,7-1,8 თეთრის ტოლფასია. ხოლო კომერციული ობიექტებისთვის ტარიფი 3,5-3,6 თეთრს შეადგენს, რაც ყველაზე იაფია ევროპაში. მიზერული ტარიფის მიუხედავად, ადგილობრივების დიდი ნაწილი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.

აქ ჩნდება კითხვა – რაში აწყობს კრემლს რეგიონის ენერგო ინფრასტრუქტურაში ფულის დაბანდება, თუკი გადასახადის ამოღება პრობლემურია და ისედაც, ეკონომიკურ სარგებელს ნაკლები პერსპექტივა აქვს.

ეკონომიკური და ფინანსური ექსპანსიით კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს აფხაზეთის ამ შემთხვევაში ენერგო სფეროს იურიდიულ ინკორპორაციას მის სისტემაში, რომ მომავალში მას მოქმედების თავისუფლება ქონდეს, ხოლო კრიზისის შემთხვევაში ბრალი ადგილობრივ ელიტებზე გადაიტანოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადების ამოღების გარეშე მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რუსულმა კოპანიებმა მუდმივად მოამარაგონ ელექტროენერგიით აფხაზეთის რეგიონი. მოსახლეობას მოუწევს საფასურის გადახდა, რასაც ის აბსოლუტურად მიუჩვეველია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს

„ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას განცხადებით, სავარაუდოდ, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება არასაკმარის ელექტროენერგიას ალბათ მაინც რუსეთისგან შეიძენს:

„წელს ასეთი შეთანხმება თითქმის მიღწეულია. იმპორტი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ აფხაზურ პრესაში და კერძო საუბრებში ამბობენ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის დაწყების იმედი აქვთ. რეგიონი ჯერჯერობით ენგურიდან და ვარდნილიდან მარაგდება, მაგრამ უკვე 15 ნოემბრიდან მარტამდე ეს მოცულობები აფხაზეთს არ ეყოფა. საუბარია დაახლოებით 750-800 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგიის შემოტანაზე. ალბათ ისინიც მუდმივად უფასოდ არ მისცემენ ელექტროენერგიას, თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდა და ფული არ გადაუხადეს“.

აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Gazprom-ის მიერ აფხაზეთის გაზიფიცირების დაწყების თაობაზე. პროექტი 1 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. თუმცა, აქ საუბარია მხოლოდ ერთიანი ქსელის გაყვანაზე, მილსადენების საცხოვრებელ სახლებამდე და სხვა დანიშნულების ობიექტებამდე მიყვანაზე და გამრიხცხველიანებაზე საუბარი ჯერ არ არის. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობას მოუწევს გაზის საფასურის, თუნდაც შეღავათიანის, გადახდა, რაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან რატომ გადაიხდიან აფხაზეთის მცხოვრებლები აირის საფასურს, როცა ელექტროენერგიას უფასოდ იღებენ? ცხადია, რეგიონის გაზიფიცირებას აზრი არ აქვს, როცა უფასო ელექტროენერგიის სახით ალტერნატივა არსებობს.

თუმცა, გარდა საფასურის არგადახდისა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლებისთვის თავს იჩენს სხვა სირთულეც, ენერგოსისტემის პრივატიზაციაზე საუბარმა საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზები ჩვენთვისაც კარგად ნაცნობია – ენერგოსისტემა სტრატეგიული დანიშნულებისაა და მისი პრივატიზაცია არასწორია. მოსახლეობაში ხშირად გაისმის ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეულად მოსასმენი ფრაზაც: „იმისთვის კი არ ვებრძოლეთ ქართველებს, რომ ჩვენი საკუთრება რუსეთს ჩაუვარდეს ხელში?“ მაგრამ, ალბათ სწორედ ეს დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად უშლის ხელს რუსეთის მიერ აფხაზეთის სრულად „ჩაყლაპვას“ და გვაძლევს საშუალებას აფხაზურ მხარესთან მეტი შეხების წერტილები ვიპოვოთ დიალოგის შედეგიანად  განსავითარებლად, რომელსაც, მისი სწორად, ფრთხილად და ჭკვიანურად წარმართვის შემთხვევაში, შესაძლოა, ღირებული შედეგებიც მოჰყვეს დაახლოვებისა და ინტეგრაციის კუთხით.

უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული წარმატებები უკვე შეინიშნება. აფხაზეთის ენერგომომარაგება ძველ რეჟიმს უბრუნდება. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონთან დენი 40/60-ზე პროპორციით განაწილდება. დამატებით საჭიროებას კი, როგორც ავღნიშნეთ, რუსეთისგან შეისყიდის. იგეგმება აფხაზეთს  კრიპტოვალუტის გამომუშავების პროცესის მკაცრად გაკონტროლებაც.

გარდა ამისა, ლევან მებონიას სიტყვებით, აფხაზური მხარე გეგმავს დაამონტაჟოს ინოვაციური მრიცხველები, რომელსაც გამოიყენებს მოსახლეობიდან მოხმარებული ელქტროენერგიის საფასურის ამოღების მიზნით: “ეს გახლავთ ყველაზე ეფექტური და ცივილიზებული მეთოდი ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების, რადგან ის მობილური ტელეფონის პრინციპით ფუნქციონირებს, ანუ, ელექტროენერგია აბონენტს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ანგარიშზე საკმარისი თანხაა, ბალანსის ამოწურვის შემთხვევაში კი ელექტროენერგიის მიწოდება წყდება. მიდის მოლაპარაკება რუსულ მხარესთან, ხსენებული მრიცხველების შეძენაზე, დაახლოებით, 20 000 ერთეულზე. იმის ფონზე, რომ აფხაზეთში არის მთლიანობაში დაახლოებით 100 000 აბონენტი, 20 000 ასეთი მრიცხველი უკვე ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს. ჩვენ ვურჩიეთ მსგავსი მრიხცველები დააყენონ საკვანძო წერტილებზე, ისინი კი აღნიშნულ საკითხში გვენდობიან, რადგან იციან, რომ მეტი გამოცდილება და ცოდნა გვაქვს. მაგალითად, არის 1 სოფელი, ამ სოფელში, პირობითად, არის 5 ტრანსფორმატორი, ხსენებული მრიცხველები უნდა დამონტაჟდეს მათზე და ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, ის ავტომატურად გამოირთვება, რაც აიძულებს სოფელს რომ ყველამ გადაიხადოს”, – განმარტავს ის.

არსებული სიტუაცია გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რომ წავახალისოთ აფხაზეთის მოსახლეობა ეკონომიურად მოიხმარონ და აანაზღაურონ სწორედ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია, რადგან უკვე ნათელია, რომ მათ მაინც მოუწევთ საფასურის გადახდა რუსული კომპანიებისთვის, რომელთა ტარიფი შეიძლება შეღავათიანი იყოს, მაგრამ ურჩევნიათ ადგილობრივი რესურსების მიერ წარმოებულ ენერგიაში თანხის გადახდა და რუსულ ენერგო რესურზებზე ნაკლებად დამოკიდებულება.

სწორედ აქ იჩენს თავს თანამშრომლობის შესაძლებლობაც. რეგიონის ამჟამინდელი მდგომარეობა ძლიერ წააგავს 90-იანი წლების საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიტუაციას, როდესაც მოსახლეობის ნაწილს ეგრეთწოდებული „ლევი“ სადენი ჰქონდა სახლში გაყვანილი და არავინ იხდიდა ელექტროენერგიის საფასურს. ჩვენი გამოცდილების გაზიარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, და როგორც უკვე ბ-ნმა მებონიამაც ახსენა, არის დაინტერესება და ნდობაც კი ხსენებულ საკითხში.

გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, აფხაზეთის ენერგოსისტემას პრობლემები აქვს პროფესიულ კადრებშიც, ენერგეტიკის დარგში ქართველ სპეციალისთებთან კომუნიკაცია მათთვის საინტერესო და სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.

"საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს"

საბედნიეროდ, აქაც იგრძნობა პოზიტიური ძვრები: 2016-2019 წლებში ჩატარდა კვლევა ენგურჰესზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ადამიანის უსაფრთხოების განყოფილების მხარდაჭერით მიდინარეობდა და რომელშიც ერთად მუშაობდნენ როგორც ქართველი, ისე აფხაზი პროფესიონალები. ხსენებული კვლევის ანაგარიში ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

აღნიშნული პრეცედენტი გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც შესაძლებელია მსგავსი სახით თანამშრომლობა, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ორი დაპირისპირებული მხარის მეტად დაახლოვებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, არსებული უმძიმესი პრობლემის უფრო შედეგიანად მოგვარებაზე.

უკვე არაერთხელ დამტკიცდა, სწორად და ჭკვიანურად გამოყენების შემთხვევაში, ენერგეტიკულ ობიექტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კონფლიქტების შერბილების საკითხში. კარგი იქნება თუ უფლებამოსილი და პასუხისმგებელი პირები შეძლებენ ისეთი შესაძლებლობის, როგორიც ენგურჰესია, დიალოგისთვის ეფექტიანად და სასარგებლოდ გამოყენებას.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title