რუსეთთან მოლაპარაკება, ბუნებრივი აირის უკეთესი პირობებით მიღებაზე, გასაკვირი არ არის

რუსეთთან მოლაპარაკება, ბუნებრივი აირის უკეთესი პირობებით მიღებაზე, გასაკვირი არ არის

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, რევაზ არველაძე აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, მეტი ბუნებრივი აირის უკეთესი პირობებით მიღებაზე, გასაკვირი არ არის.

როგორც ექსპერტმა „SOCAR Georgia“-ს გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, მამედოვი საუბრობს დღევანდელ დღეზე და არ ითვალისწინებს იმას, რომ მომავალში, გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური ამუშავდება, რომელსაც დამატებითი ბუნებრივი აირი დასჭირდება.

„მამედოვი, ეტყობა, ვერ ითვალისწინებს იმ ამბავს, რომ საქართველოში დაიშვა ახალი თბოელექტროსადგური, რომელიც გარდაბანში მალე ჩაირთვება და მას დამატებით, დღე-ღამეში, დაახლოებით 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დასჭირდება. მეორეც, მამედოვმა ძალიან კარგად იცის, რა ფასად იღებს საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს. ეს არის 5% „შაჰ-დენიზიდან“, რომელსაც პრაქტიკულად უფასოდ ვიღებთ. ეს არის 500 მილიონი კუბური მეტრი, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად ვიღებთ 55 დოლარად, პლუს 1.5% წელიწადში და ეს დაახლოებით 70 დოლარია. შემდეგ მოდის სოციალური გაზი, რომელიც დაახლოებით, ასევე, 500 მილიონი კუბური მეტრია და ეს არის 189 დოლარი. ამის ზევით ვიღებთ ძვირ გაზს, რაც დაახლოებით 250 დოლარია 1 000 კუბურ მეტრზე. როცა საქართველოს მოხმარების მატება ექნება, სწორედ ის ძვირი გაზი უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ შეღავათიანი ტარიფები ამოწურული აქვს. ამიტომ საკვირველი არ არის, რომ მოლაპარაკებები იყოს წარმოებული რუსეთთან, თუ რა თქმა უნდა, უკეთესი პირობები იქნება რუსეთიდან. თუ არ იქნება რუსეთიდან, ალბათ აზერბაიჯანს, იმ 250 დოლარად შესაძლებლობა ექნება, კიდევ დაგვიმატოს გაზი“,- განაცხადა არველაძემ.
ექსპერტის თქმით, „შაჰ-დენიზი 2“ ჯერ კიდევ ვერ ამოქმედდა, რომ საქართველომ, როგორმე მართლა მიიღოს ის 5%, რისთვისაც ხელშეკრულება იყო დადებული.
„რისთვისაც, საქართველომ ტერიტორია დაუთმო გაზსადენის გასატარებლად, ეს იყო, რომ ჯერ პირველ ეტაპზე უნდა გატარებულიყო 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და შემდეგ 30 მილიარდამდე ასულიყო. საქართველოს წილი პირველ ეტაპზე გამოდიოდა 750 მილიონი კუბური მეტრი წელიწადში და საბოლოოდ 1.5 მილიარდი კუბური მეტრი იქნებოდა, ეს არის 5%. სინამდვილეში 6 მილიარდზე მეტს არ გაუვლია და 60 მილიონზე მეტი არ მიუღია საქართველოს ეს უფასო გაზი. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის მხარის მტკიცება, რომ საქართველოს ჰყოფნის, მეტი არ სჭირდება და ა.შ. არ არის სწორი. მითუმეტეს, მომავალში კიდევ დაგეგმილია 500 მეგავატიანი ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელსაც დღეში არანაკლებ 2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დასჭირდება. აქედან გამომდინარე, მაჰირ მამედოვი ლაპარაკობს დღევანდელი დღით და არ ითვალისწინებს იმას, რაც იქნება პერსპექტივაში. თუ მართლაც გაიზარდა „შაჰ-დენიზზე“ გაზის მიწოდება 30 მილიარდამდე და საქართველოს 1.5 მილიარდი კუბური მეტრი უფასო გაზი დარჩა, პლუს ამას 500 მილიონის შეღავთფასიანი გაზი, უკვე გვექნება 2 მილიარდი და კიდევ 0.5 მილიარდი კუბური მეტრი სოციალური გაზი, აქედან გამომდინარე უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აზერბაიჯანული გაზი ჰყოფნის საქართველოს. დღეს ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა რევაზ არველაძემ.
ცნობისთვის, „SOCAR Georgia“-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის გაზის მიწოდებას.
როგორც მაჰირ მამედოვმა გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რეალობა ის არის, რომ საქართველოში ყოველდღიურად 5 მილიონი კუბური მეტრი გაზი, პლუს „შაჰდენიზის“ კიდევ 1 მილიონი კუბური მეტრი შემოდის. საქართველოს მოსახლეობის მოხმარებული რაოდენობა კი, დღეში 6.2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, „სოკარის“ დირექტორი ამ განცხადებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოხმარებული გაზის რაოდენობა, რისთვისაც აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწოდებული რაოდენობა, საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ აწარმოებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს.
წყარო: pia.ge

Leave a Reply

Menu Title