პოლონეთი რუსული ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე მუშაობს

პოლონეთს, რომელმაც უარი განაცხადა ბუნებრივი აირის საფასურის რუბლით ანგარიშსწორებაზე, მოსკოვმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა. აქამდე პოლონეთი ბუნებრივი აირის 50 პროცენტს რუსეთიდან იღებდა. პოლონეთში იმედი აქვთ, რომ დიდი რეზერვების, რომლებიც 75 პროცენტითაა სავსე და ალტერნატიული წყაროების მეშვეობით, მალე სრულად ჩაანაცვლებენ რუსულ ბუნებრივ აირს.

ენერგეტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი ვოიჩეხ იაკობიკი ამბობს, რომ პოლონეთს საფასური იამალის ხელშეკრულების მიხედვით უნდა გადაეხადა. სწორედ ამიტომ შემოდიოდა რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი. ახლა კი აირის მიწოდების შეწყვეტის გამო გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მოიძიონ ალტერნატიული წყაროები.

დივერსიფიკაციის პროცესი უკვე დაწყებულია. რეკორდულად მაღალ დონემდეა შევსებული მარაგები. შესაბამისად, პოლონეთი მზად არის, საერთოდ უარი თქვას რუსულ ბუნებრივ აირზე. ვნებათაღელვამ რამდენიმე დღე ფასების მატება გამოიწვია, თუმცა ეს პოლონეთის ბაზრისთვის დამახასიათებელია, რადგან, ვოიჩეხ იაკობიკის აზრით, ინვესტორებს ყოველთვის ეშინიათ, როდესაც საქმე ბუნებრივი აირის ბაზარზე რუსეთის ჩარევას ეხება.

დივერსიფიკაცია და სხვა კონტრაქტორებისგან ბუნებრივი აირის მიღება პრიორიტეტული საკითხი გახდა. პოლონეთის ყურადღება ახლა გადატანილია ბალტიის გაზსადენის პროექტზე, რომელმაც პოლონეთი ბუნებრივი აირით ნორვეგიიდან უნდა მოამარაგოს.

გეგმის მიხედვით, პოლონეთი წლის ბოლოსთვის აღარ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული აღმოსავლეთიდან წამოსულ ბუნებრივ აირზე. პოლონეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კლიმატის სამინისტროში ადამ გიბურჟე-ჩეტვერტინსკი ამბობს, რომ ბალტიის გაზსადენი წლის ბოლოს ამუშავდება და პოლონეთისთვის 10 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება იქნება შესაძლებელი. პოლონეთი ამჟამად 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მოიხმარს, ადგილობრივად 4 მილიარდ კუბურ მეტრს მოიპოვებენ, ხოლო სვინოუისცეში კი ტერმინალის მოცულობა 6 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. გიბურჟე-ჩეტვერტინსკის აზრით, ეს საკმარისი რაოდენობაა ქვეყნისთვის.

თუმცა მხოლოდ რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის შეწყვეტას არ გამოუწვევია ის ცვლილებები, რომლებიც პოლონეთში ხდება. სანქციების შედეგად ზოგიერთმა კომპანიამ პოლონეთში მუშაობა შეაჩერა, ამიტომ ქვეყანა აირს ადგილობრივი, ეროვნული მიმწოდებლებისგან იღებს.

პოლონეთის პარლამენტის წევრი დანიელ მილევსკი ამბობს, რომ თავისუფალი ბაზრის შედეგად ასეთი ვითარება პოლონეთის არაერთ ქალაქში შეიქმნა. სანქციები შეეხო რუსეთთან დაკავშირებულ პირებს, რომლებიც ბუნებრივი აირის დისტრიბუციაში იყვნენ ჩართული.  მაგალითად, კომპანია „ნოვატეკმა“, რომელიც რუს ოლიგარქთან არის დაკავშირებული, სანქციების შედეგად მუშაობა შეაჩერა. დანიელ მილევსკი აღნიშნავს, რომ ეს არის მათი წილი პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე პუტინის ბარბაროსული ქმედებების საპასუხოდ.

წლის დასაწყისში პოლონეთის მოსახლეობა ენერგორესურსებზე მზარდი ფასების წინაშე აღმოჩნდა. მთავრობაში არ სურთ, რომ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგად დაზარალდნენ რიგითი მოქალაქეები. ეს ვითარება ასევე პოლონეთის ენერგოსტაბილურობის დეპოლიტიზაციას შეუწყობს ხელს.

წყარო: euronewsgeorgia.com

Leave a Reply

Menu Title