უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უფროსი რუსეთისთვის „ბოიკოს კოშკების“ სახმედრო მნიშვნელობას განმარტავს

რეზნიკოვმა განაცხადა, რომ 2014 წელს მითვისებული ამ ობიექტების დახმარებით, რუსეთმა არა მხოლოდ მოიპარა გაზი უკრაინიდან, არამედ მოაწყო იქ ელექტრონული ომის სადგურები.

”რუსები იყენებდნენ კოშკებს, როგორც თავიანთი გემების დაცვის საშუალებას, იმალებოდნენ მათ უკან, რათა ჩვენს ნეპტუნებს ვერ შეძლებოდათ სისტემებზე დამიზნება,” – განმარტა რეზნიკოვმა.

”ისე მოხდა, რომ ვიღაცამ ამ კოშკებზე დაუდევრად მოწია და ახლა რუსები მათ უკვე ვეღარ გამოიყენებენ ხსენებული მიზნით.”

„მოწევასთან“ დაკავშირებული კომენტარი ეხებოდა ხანძარს, რომელიც 20 ივნისს გაჩნდა სადგურებზე, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო თავდასხმის შედეგად (აღნიშნული განაცხადეს უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ და კრემლის მარიონეტმა სერგეი აქსიონოვმა). უკრაინის სამხედრო სარდლობამ ხსენებული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა.

უკრაინის პლატფორმებზე დარტყმის დადასტურების მოთხოვნის საპასუხოდ, რეზნიკოვმა განაცხადა: “ყველა ხედავს ამას – ისინი იწვიან. მათ დაარტყეს, რა არის აქ დასადასტურებელი?”

რუსული მედია-სააგენტო TASS 21 ივნისს იტყობინებოდა, რომ „ბოიკოს კოშკებში“ ხანძრის ჩაქრობა მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ის ჭაბურღილს მიუახლოვდა.

მანამდე, ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის პრესსპიკერმა სერხი ბრაჩუკმა განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები „ბოიკოს კოშკებს“ სამხედრო ბაზებად იყენებდნენ, ოდესის პორტის გადაკეტვისა და შავი ზღვის გაკონტროლების მიზნით.

2011-2012 წლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა უკრაინულმა გაზის კომპანიამ “ჩორნომორნაფტოგაზმა” იყიდა მეხუთე თაობის საბურღი პლატფორმები (Petro Hodovanets და Nezalezhnist, წარმოებული სინგაპურში Keppel-ის მიერ), გადაიხადა ორჯერ მეტი, ვიდრე მათი რეალური ღირებულება იყო. შეთანხმებას უძღვებოდა ენერგეტიკის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელი იური ბოიკო (სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება “ბოიკოს კოშკები”). ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა ეს ობიექტები მიითვისა.

 

Leave a Reply

Menu Title