ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

ISET: მწვანე სამუშაო ადგილებზე დაინტერესება არ იქნება, თუ მოთხოვნას ბიზნესი არ შექმნის

ახალი კლიმატის პოლიტიკისა და ვალდებულებების გამო მომდვენო ათწლეულების განმავლობაში გლობალურად მილიონობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, მხოლოდ 2030 წლისთვის მწვანე ეკონომიკამ შესაძლოა დამატებით 24 მილიონი ადამიანი დაასაქმოს. მწვანე სამუშაო ადგილები ეხმარება ენერგიისა და ნედლეულის ეფექტურობის გაუმჯობესებას, ამცირებს სათბური გაზების ემისიებს, ნარჩენებსა და დაბინძურებას, ხელს უწყობს ეკოსისტემების დაცვასა და აღდგენას და მხარს უჭერს კლიმატიც ცვლილებების შედეგებთან ადაპტაციას. მწვანე სამუშაო ადგილები სულ მცირე შეიძლება შეიქმნას ენერგეტიკისა და სამთო მოპოვების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტირების, მშენებლობის და წარმოების სექტორებში.

„რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილმა ენერგეტიკულმა კრიზისმა ენერგეტიკული ტრანზიციის დაჩქარება გამოიწვია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნებმა დაიწყეს ალტერნატიული წყაროების განვითარება. საერთაშორისო განახლებადი რესურსების ანგარიშში წერია, რომ ამ მიმართულებით 2050 წლისთვის უნდა ყოფილიყო 43 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგილი. თუმცა, ამ პროცესების გათვალისწინებით ეს პროცესები შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს. იქნებიან ეს მზის პანელების სპეციალისტები, ქარის სადგურების სპეციალისტები თუ ა.შ. ეს ტენდენცია დასავლეთის ბაზარზე აქტიურად შეიმჩნევა და ვფიქრობ, ჩვენთანაც მალე გამოჩნდება“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ISET-ის უფროსმა მკვლევარმა. მარიამ წულუკიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მწვანე სამუშაო ადგილებზე ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის, შესაბამისად დიდი არც დაინტერესებაა.

„მწვანე სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა არ გაჩნდება, თუ მას თავად ბიზნესი არ შექმნის. თუ ბიზნესი იტყვის, რომ კადრი დეფიციტურია და ამის გამო მაღალანაზღაურებადიც, უკვე ინტერესიც გაჩნდება და შეიძლება საგანმანათლებლო პროგრამებიც შეიქმნას.

გამოჩნდებიან კომპანიები, რომლებიც ენერგოეფექტური მასალებით დაიწყებენ მშენებლობას. ეს მიმართულებაც სპეციალიზებულ კადრებს მოითხოვს, შესაბამისად მწვანე სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას ამ მიმართულებითაც უნდა ველოდოთ. საუბარი დავიწყეთ მწვანე სესხებზეც, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებასაც სპეციალიზებული კადრი სჭირდება“,- აღნიშნა წულუკიძემ.

Leave a Reply

Menu Title