ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე წინსვლას ოპტიმისტურად აფასებენ ევროკავშირის და რუსეთის წარმომადგენლები

ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო განახლებული მოლაპარაკების წამყვანმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის მიმართ.

ევროკავშირის მთავარმა წარმომადგენელმა ენრიკე მორამ კვირას თქვა, რომ ის „მთლიანად“ ოპტიმისტურად არის განწყობილი მოლაპარაკებაზე პროგრესის მიმართ. „ჩვენ წინ მივდივართ და ველით, რომ მოლაპარაკებებს მალე დავასრულებთ“, – უთხრა 7 აგვისტოს ირანულ მედიას ენრიკე მორამ.

რუსეთის ელჩმა მიხაილ ულიანოვმა 7 აგვისტოს თქვა, რომ „3-4 საკითხია“ გადასაწყვეტი. ”ჩვენ ვდგავართ ფინიშის ხაზიდან 5 წუთის ან 5 წამის მანძილზე”, – განუცხადა ულიანოვმა ჟურნალისტებს სასტუმრო Palais Coburg-თან, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მგრძნობიარე საკითხებია, განსაკუთრებით ირანელებისა და ამერიკელებისთვის“, – თქვა ულიანოვმა. „გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, – აღნიშნა მან.

ირანის, ასევე გერმანიის და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების გარშემო მოლაპარაკება ვენაში 4 აგვისტოს განახლდა, რამდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ. მისი ნაწილია ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკება ევროკავშირის შუამავლობით.

შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა თეირანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების შეკვეცის სანაცვლოდ, 2015 წელს გაფორმდა, მაგრამ 2018 წელს ის აშშ-მა ცალმხრივად დატოვა და ისლამურ რესპუბლიკას სანქციები აღუდგინა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title