მსოფლიო ბანკი: ჩინეთს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის ინვესტირება სჭირდება

ჩინეთის კლიმატისა და განვითარების გამოწვევების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ აზიურ სახელმწიფოს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის დამატებითი ინვესტიციები სჭირდება. ინვესტიციები მოიცავს დაფინანსებას მწვანე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიებისთვის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში, რათა ქვეყანამ შეძლოს და 2060 წელს წმინდა ნულოვან ემისიას მიაღწიოს.

ანგარიშის თანახმად, რომელიც ერთ-ერთია Country Climate and Development Reports-ის სერიიდან, ჩინეთს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას, საჭირო ინოვაციების გასააქტიურებლად და უზარმაზარი ღირებულებების დასაფარად კერძო ინვესტიცია დასჭირდება. მოხსენების მიხედვით, კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩინეთს, განსაკუთრებით კი მის მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკურად კრიტიკულ სანაპირო ქალაქებს. კლიმატის შეუჩერებელმა ცვლილებამ 2030 წლისთვის შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკური გამომუშავება 0.5%-ით, 2.3%-მდე შეამციროს.

„ჩინეთის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივები უფრო მეტადაა დამოკიდებული ეკონომიკის ხელახალ დაბალანსებაზე: ინფრასტრუქტურული ინვესტიციებიდან ინოვაციამდე, ექსპორტიდან შიდა მოხმარებამდე და სახელმწიფოდან უკვე ბაზრის მიერ მართვად რესურსების გადანაწილებამდე“, – განაცხადა მანუელა ფერომ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

ახალი ანგარიში გლობალური კლიმატის მიზნების მიღწევაში ჩინეთის როლზეც ამახვილებს ყურადღებას. ცნობისთვის, აზიური ქვეყანა გამოყოფს გლობალური ნახშირორჟანგის 27%-ს და მსოფლიო სათბური აირების მესამედს. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის მიერ ნახშირბადნეიტრალურობის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „ეს საჭიროებს რესურსების, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მასიურ ცვლილებებს, ენერგოეფექტიანობისა და რესურსების პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია ანგარიშში.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title