აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი ენერგომატარებლების ექსპორტის ფონზე რა სარგებელს უნდა ელოდეს საქართველო?

საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ენერგეტიკული პროექტების გამტარუნარიანობის ზრდაზე ისაუბრა რაშიც საქართველოც იქნება ჩართული.

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა სარგებელს შესაძლოა ელოდეს ქვეყანა იმ გაზრდილი მოცულობის ენერგომატარებლებიდან, რაც სამომავლოდ საქართველოზე გაივლის. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქვეყანამ თავისი სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, თუმცა იმავდროულად უნდა განვითარდეს ადგილობრივი სექტორიც რათა ქვეყანა გახდეს თვითკმარი და თავადად ახორციელებდეს ექსპორტს.

რაც შეეხება გაზის ტრანზიტს, გაწერილია ხელშეკრულება და ცნობილია, რომ საქართველოს გავლით გატარებული გაზის მოცულობის 5%-ი საკმაოდ შეღავათიანი ფასით გვერგება. ეს არის უდავოდ დიდი სარგებელი.

თუმცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას ძირითადი აქცენტი გააკეთა ნავთობისა და ელექტროენერგიის ექსპორტზე და საქართველოს გავლით მის ტრანსპორტირებაზე.

აქაც რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრანზიტის საფასური, მაგრამ თუ დავაკვირდებით მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება სწრაფად იცვლება. იცვლება რუსეთის როლი. ამ დროს კი ჩვენ ისევ ჩამორჩენილ მდგომარეობაში ვართ იმიტომ, რომ განახლებად ენერგეტიკას, ჰიდროსადგურებს ვერ ვავითარებთ. ქმედითი ენერგეტიკული პოლიტიკა ჯერ არ გაქვს და ამიტომ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა, ჯერ ერთი თვითკმარი რომ გავხდეთ და მერე ექსპორტზე გავუშვათ, უნდა მოხდეს მისი ათვისება.

მარტო სხვისი ექსპორტი სარგებელი არის ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ბევრად მეტის მიღწევა შეიძლება თუ ჩვენ განვავითარებთ ჩვენს შესაძლებლობებს“, – განაცხადა ექსპერტმა.

მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ ამისათვის სახელმწიფომ უნდა განახორციელოს დამაჯერებელი ენერგეტიკული პოლიტიკა.

„უნდა იყოს მომზადებული ანალიზები, უნდა იყოს მუშაობა საზოგადოებასთან, უნდა იყოს ანალიტიკური ცენტრები, კონფერენციები და ათასი რამ იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა და რა სარგებელი შეიძლება მოვიპოვოთ. ენერგეტიკული პოლიტიკა არის მექანიზმი, პროცესი რომელსაც სჭირდება მუდმივი მუშაობა ამ თემებზე და ჩვენთან მუდმივი მუშაობა არ მიმდინარეობს“, – განმარტავს ენერგეტიკოსი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განმარტებით, მოუთმენლად ელის ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე.

„ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს და კიდევ უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს.აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და 2027 წლისთვის ვაპირებთ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი და ეს საკითხი ბუნებრივია განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, ვიცი რომ ის არ არის ამამად მოქმედი, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც.

ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგა ვატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით შეგვიძლია 157 გეგა ვატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი იმისათვის, რომ ელექტრო ენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც. საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა და ენერგო დერეფნების პოტენციალი.

ასევე უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ტვირთბრუნვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის 75 პროცენტით გაიზარდა. უნდა ვთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ 5 მლნ ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით ამ დერეფანში და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისათვის, რომ კასპიის ზღვისპირეთიდან აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახალი მარშრუტები დავამუშაოთ.

ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, საქართველოს პორტების გამოყენება მოხდეს, იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდა და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი 25 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა.

სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა.

საქართველოს სახით გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი! საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები – ორი მოძმე ერის ინტერესები – ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი.

ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების და ჩვენი – ლიდერების – ხელშეწყობით ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილას ჩემი მოწვევისთვის და მინდა ქართველ მეგობარ და მოძმე ერს ვუსურვო სამუდამო კეთილდღეობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title