Shell-ი დანიურ Nature Energy-ის $2 მილიარდად ყიდულობს

ბრიტანული ენერგოგიგანტი Shell-ი, ბიოგაზის დანიურ მწარმოებელ Nature Energy-ის $2 მილიარდად ყიდულობს. კომპანიებს შორის შეთანხმების მიღწევას ორივე მხარე ადასტურებს. ბიოგაზზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში სწრაფად იზრდება, რის შესაბამისადაც, Shell-ი ბიზნესის ამ მიმართულების განვითარებას უფრო აქტიურად ცდილობს.

Reuters-მა ჯერ კიდევ გასულ თვეში დაასახელა ბრიტანული Shell-ი იმ კომპანიებს შორის, რომლებიც Nature Energy-ის შესაძენად, ტენდერის მეორე ტურში იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ენერგოგიგანტმა, დანიური ფირმის გარდა, აშშ-ის ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანია Archaea Energy-ის შეძენაც დააანონსა. გარიგების ღირებულება $4.1 მილიარდია.

რაც შეეხება Nature Energy-ის, კომპანია ჯამში ბიოგაზის ცამეტ ქარხანას მართავს. მათგან თორმეტი დანიაშია წარმოდგენილი, ხოლო ერთი საფრანგეთში. დანიური ფირმა, 2022 წელს, 4.4 მილიონი ტონა ნარჩენების 181 მილიონ კუბ მწვანე გაზად გადამუშავებას გეგმავს, რომელსაც ტრანსპორტისა და სახლების გათბობისთვის გამოიყენებს. Shell-თან მიღწეული ხელშეკრულება, ცალკეულ განცხადებაში, Nature Energy-იმ უკვე დაადასტურა.

Shell-ის 2050 წლისთვის მკაფიოდ დასახული გეგმა აქვს, მოკლე და საშუალოვადიანი მიზნებით: სათბური აირების ემისიების ნულამდე შემცირება და ბიზნესმოდელის განახლებადი ენერგიისთვის მორგება. ცნობისთვის, ბიოგაზი ბიოლოგიური ნარჩენებისგან წარმოიქმნება და წიაღისეული საწვავის ნაწილის ალტერნატივად მიიჩნევა. 2020 წლიდან, ბრიტანული ენერგოგიგანტი, ბიომეთანის შესაძენად, Nature Energy-ის მომხმარებელიც გახდა.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title