შოლცი: 2021 წლის ბოლოს არ ვიცოდით, რუსული გაზის შეწყვეტის შემთხვევაში რა გვექნა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ამერიკულ ჟურნალ Foreign Affairs-ში გერმანიის საგარეო პოლიტიკის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად გერმანიის რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

როგორც გერმანიის კანცლერი წერს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გერმანიას არავითარი გეგმა ჰქონია ისეთი შემთხვევისთვის, როცა რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტდა:

“2021 წლის დეკემბერში, როგორც კი გერმანიის კანცლერი გავხდი, ჩემს მრჩევლებს ვკითხე, გვქონდა თუ არა გეგმა, თუ რუსეთი გადაწყვეტდა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება შეეწყვიტა. პასუხი იყო “არა”, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ გაზზე სახიფათოდ ვიყავით დამოკიდებული”.

ოლაფ შოლცის თანახმად, გერმანიამ უმალ დაიწყო მზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ხოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ნორდ სტრიმ 2-ის გაზსადენის სერტიფიცირება შეაჩერა.

“ყველაზე ცუდი სცენარი მალევე ახდა, როცა პუტინმა ენერგეტიკის იარაღად გამოყენება და გერმანიისა და დანარჩენი ევროპისთვის მიწოდების შეწყვეტა დაიწყო”, – წერს გერმანიის კანცლერი.

2022 წლის თებერვლის ბოლოს, როცა რუსეთი უკრაინაში ხელახლა შეიჭრა, გერმანიის გაზის იმპორტის 55%, ქვანახშირის იმპორტის 46% და ნავთობის იმპორტის 27% რუსეთზე მოდიოდა.

იქამდე ასევე იგეგმებოდა ახალი გაზსადენის, ნორდ სტრიმ 2-ის ამუშავება, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან პირდაპირ მიაწვდიდა გაზს გერმანიას.

თუმცა მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავდა, გერმანიის მთავრობამ გაზსადენს ლიცენზია აღარ მიანიჭა, ომის დაწყების შემდეგ კი ეტაპობრივად შეუდგა რუსული ენერგოიმპორტის შემცირებას.

დღეს გერმანია რუსეთისგან გაზს საერთოდ აღარ ყიდულობს და ახლო მომავალში ნავთობის შეძენის შეწყვეტასაც გეგმავს.

წყარო: realpolitika.ge

Leave a Reply

Menu Title