სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება. 2016 წლის პირველი მარტიდან ელექტროენერგიის სუბსიდირება აღარ მოხდება.

“2013 წლის დასაწყისში საქართველოს რეგიონებში გარდა კახეთისა, ელექტროენერგიის საფასური შემცირდა. კახეთის რეგიონის მოსახლეობის, დანარჩენი რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პიორბებში ჩაყენების მიზნით, 2013 წლის პირველი აპრილიდან კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა, შედეგად კახეთის მოსახლეობა საქართველოს სხვა რეგიონების ანალოგიურ საფასურს იხდიდა მოხმარებულ ელექტროენერგიაში. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2016 წლებში ჯამურად 13 000 000 ლარამდე გამოიყო. 2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და კახეთის ელექტროენერგიის ტარიფებს გაუტოლდა. ამავდროულად, 2015 წლის 1 დეკემბერს, დასრულდა კახეთის რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა. ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კახეთში სუბსიდირების პროგრამა კიდევ სამი თვით გაეგრძელებინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 1 000 000 ლარზე მეტი გამოიყო.”- განმარტავენ ენერგეტიკის სამინისტროში.

რაც შეეხება, კახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, კერძოდ მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000 ქულას, 1 მარტიდანვე ამოქმედდება ელ.ენერგიის სუბსიდირების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 3,95064 თეთრის ოდენობით შეღავათს მიიღებს.

იმ მომხმარებლებისთვის კი, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 301 კილოვატ საათს აღემატება, ელექტროენერგიის ღირებულება არ შეიცვლება და იგივე დარჩება, რასაც 1 მარტამდე იხდიდნენ.

ავტორი: თამარ კაპანაძე
წყარო: სპექტრი

Leave a Reply

Menu Title