„შუახევჰესის პროექტს ახორციელებს გუნდი რომელსაც ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია“

„შუახევჰესის პროექტს ახორციელებს გუნდი რომელსაც ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია“

რონი სოლბერგი  აჭარისწყალ ჯორჯიას (AGL) უკვე ერთი წელია ხელმძღვანელობს.  კომპანია ქვეყანაში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს შუახევიჰესის კასკადის მშენებლობას ახორციელებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 416 მილიონ დოლარს შედგენს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოში ჩამოსვლამდე არაერთი დიდი კომპანიის აღმასრულებელ გუნდს ხელმძღვანელობდა, მის სახელს წარმატებული ჰიდროენერგო პროექტების განხორციელება უკავშირდება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი წარმოშობით ნორვეგიელია, მას შემდეგ რაც AGL-ს ჩაუდგა სათავეში, ოსლოდან ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად მეუღლესთან ერთად. ჰყავს სამი შვილი. უფროსი ვაჟი ინჟინერია, ქალიშვილი საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობს და მამის მსგავსად ჰიდროენერგო  სექტორში მუშობას აპირებს. უმცროსი 19 წლის არის, სერფინგის სკოლაში სწავლობს და გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, თუ რა პროფესიის არჩევა სურს სამომავლოდ. უმცროსი შვილისგან განსხვავებით რონის გატაცება თხილამურებზე სრიალი და მოტოციკლეტის მართვაა (ასპარეზობების 11-ჯერ  გამარჯვებული).  სულ ახლახან მოინახულა  ,,გოდერძი“  და თვლის რომ ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია, რომელსაც განვითრების დიდი პოტენციალი გააჩნია. მარტის ბოლოს მთელ AGL-ის გუნდს ეპატიჟება, სადაც თავად პირდება თანამშრომლებს ინსტრუქტირებას. ხშირად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს. მოსწონს ქართული ღვინო. შემოდგომაზე კახეთი მოინახულა, ყვარლის ტბამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე  და გადაწყვიტა, რომ გაზაფხულზე თავის უცხოელ მეგობრებსაც უმასპინძლოს. უყვარს მხატვრობა, აქტიურად ეცნობა ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, შერჩევის პროცესშია და სულ მალე რამდენიმე ქართველი მხატვრის ტილოს შეძენას გეგმავს.

რონი სოლბერგი 2015 წლიდან  ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად მუშაობს და შუახევიჰესის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

– მოდით პირველ როგში ვისაუბროთ გუნდზე, რომელსაც საქართველოში  ხელმძღვანელობთ?

– ეს არის გუნდი რომელსაც ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია. AGL-ის  გუნდის უმეტეს ნაწილს როგორც იცით ქართველები შეადგენენ. როცა პროექტს უცხო ქვეყანაში ახორციელებ, მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე ამ ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, გარემოს, სხვაგვარად წარმატებული კომუნიკაცია ვერ შედგება. საქართველოში რომ ჩამოვედი პირველი რაც გვაკეთე, დავიწყე ამ ქვეყნის გაცნობა. ეს არის საოცარი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ: ემოციური, საინტერსო, ღრმა, განსაკუთრებული ადამიანები. ქართველი თანამშრომლების ცოდნა, განათლება გამოცდილება, პროფესიონალიზმი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროექტის წარმატებას.

– თქვენი საქმიანობა მეტწილად ტექნიკურ პროცესთან ასოცირდება, რამდენად არიან ქალები წარმოდგენილნი თქვენს კომპანიაში?

– სიამაყით მინდა ვთქვა, რომ კომპანიის ქართველი თანამშრომლების 60 % ბათუმში, ხოლო 100% თბილისში სწორედ ქალები შეადგენენ, ნაწილს მენეჯერული პოზიციები უჭირავს, ნაწილი კი კომპანიის მმართველ გუნდშია წარმოდგენილი.  ასევე  აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ასევე ზოგადად სექტორში მრავლად არიან წარმოდგენილი ქალბატონები, რომლებიც სიღრმისეულად ფლობენ  ტექნიკურ დეტალებსაც კი, რაც უაღრესად მისასალმებელია, რადგან უფრო ხშირად ამ სფეროსადმი მეტ ინტერსს მამაკაცები ამჟღავნებენ.  ვისურვებდი მეტი და მეტი ქალი მეხილა ენერგეტიკით დაინტერესებული.

– ბატონო რონი, საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და კომპანიებში თანამედროვე მართვის მეთოდები თანდათანობით ვითარდება, თქვენ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. თქვენი აზრით რა არის პირველი ნაბიჯი რასაც მენეჯერი დგამს, როცა კომპანიის სათავეში დგება?

– უპირველეს ყოვლისა სწავლობ კომპანიის საჭიროებებს, მაგრამ ზოგადი შეფასებიდან  გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ნებისმიერი კომპანიისთვის უმთავრესია წარმატების მისაღწევად – დიდ კომპანიას ხელმძღვანელობ თუ პატარას, საშუალო რგოლის მენეჯერი ხარ თუ მმართველ რგოლს მართავ,  პირველი ნაბიჯია აშენო გუნდი სადაც ყველას საკუთარი შესაძლებლობის მაქსმალურად გამოვლენის საშუალება მიეცემა, უნდა დაინახო, შეისწავლო და  მისცე შენი გუნდის ყველა წევრს საშუალება აკეთოს ის რაც ყველაზე უკეთ გამოსდის.

ეს რასაკვირველია არ არის მარტივი პროცესი თუმცა წარმატებული და მოტივირებული გუნდის გარეშე, შეუძლებელია წარმატებული პროექტები განხორციელდეს.

– ჯერ კიდევ ბევრი  მენეჯერი არ მიჩნევს მნიშვნელოვნად კომპანიის შიდა საკომუნიკაციო არხების დანერგვას ან გაუმჯობესებას. თქვენ კომპანიაში რამდენად განვითარებულია ეს მიმართულება.

– ეს არის პროცესი რომელიც მუდმივად საჭიროებს დახვეწას და განვითარებას ტექნოლოგიური პროგრესის კვლადაკვალ.  ძალიან მნიშვნელოვანია შიდა საკომუნიკაციო არხების საშუალებით, თანამშრომლები მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი კომპანიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, დაუშვებელია გარე არხების საშუალებით იგებდნენ კომპანიის მიღწევების ან გამოწვევების შესახებ. ჩვენ ამ მხრივ თითქმის ყველა ტექნოლოგიურ საშუალებას ვიყენებთ, გარდა ამისა მე მიმაჩნია რომ პირისპირ კომუნიკაცია ყველაზე ეფექტურია ამ პროცესში, სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად  ამ ხერხს მივმართავთ.

– რა იქნებოდა თქვენი როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე CEO-ს რჩევა ქართველი მენეჯერებისათვის.

– მიმაჩნია, რომ კომპანიის მმართველს, მუდმივად უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ კომპანიის როგორც  წარმატება ასევე მარცხი, შენი პასუხისმგებლობის ნაწილია და ვერ იქნება ის ცალკეული თანამშრომლის ან განყენებულად გუნდის ბრალი. კომპანიის თითოეული თანამშრომელი უნდა გრძნობდეს თავს კომპანიის ნაწილად და მუდმივად უნდა თვლიდეს, რომ კომპანიის წარმატების მონაწილეა. აუცილებელია კომპანიაში შეიქმნას ისეთი გარემო სადაც თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები თავისი კომპეტენციის ფარგლების შესაბამისად.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველთვის გამონახეთ დრო და მოუსმინეთ თქვენს თანამშრომლებს.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Leave a Reply

Menu Title