საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ექვსჯერ გადავადდა. უკანასკნელ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიციის მიხედვით, ბირჟის გადავადების მიზეზი რეგიონში არსებული არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარებაა, რამაც, შესაძლოა, ენერგიაზე ფასების სტაბილურობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას. აღნიშნულ პათოსს იზიარებენ ექსპერტებით. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე Energynews-თან საუბრისას აცხადებს, ქვეყანა ბირჟის ასამუშავებლად ბოლომდე მზად არ იყო. მისი თქმით, საქართველოში ელექტრო სისტემა  გარკვეულ პერიოდში დეფიციტურია, რის გამოც შესაძლოა რუსეთს ესარგებლა  და ბირჟის ამოქმედების შემდგომ ფასების მნიშვნელოვანი რყევებისთვის შეეწყო ხელი, რაც საქართველოს დააზარალებდა.

„მე ვფიქრობ რომ ნახევრად დაუმთავრებელი საქმის დაწყებას სჯობს ეს საქმე არ დავიწყოთ. ვგულისხმობ იმას, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას თავის დროზე ევროპაში წლების განმავლობაში მოუნდნენ. შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში ნამდვილად არსებობდა საფრთხეები  ამ ბირჟის ამუშავებიდან გამომდინარე. მეც ვგრძნობდი და ალბათ მთავრობაც ასე ფიქრობდა, რომ ქვეყანა სრულყოფილად არ იყო მზად ბირჟის ასამუშავებლად ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ ჩვენი ენერგეტიკული სექტორი ძალიან სპეციფიკურია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ პარალელში ვიმუშაოთ ან რუსეთთან ან აზერბაიჯანთან. სომხეთთან ჩვენ ვერ ვმუშაობთ, რადგან ეს უკანასკნელი ირანს დაუკავშირდა . თურქეთთანაც ვერ ვმუშაობთ, რადგან მათი სისტემა განსხვავებულია. აქედან გამომდინარე მიბმული ვართ ისეთ სიტუაციაზე, სადაც ჩვენი სისტემის მდგრადობა ხვდება პრობლემის ქვეშ. ჩვენ დეფიციტური სისტემა გვაქვს, ვგულისხმობ იმას, რომ ზამთრის პერიოდში ჩვენი ენერგია ბოლომდე არ გვყოფნის და სწორედ აქ არის საშიშროება რომ ელექტროენერგიაზე მოხდეს ან ფასის დაცემა, ან პირიქით, გაზრდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები, სამწუხაროდ, არ  გვაქვს.  ჩვენ რომ ვიყოთ უკრაინისავით ან მოლდოვასავით, რომლებიც შეუერთდნენ ევროპის ენერგეტიკულ სისტემას, მაშინ გაცილებით მეტი დაცულობა გვექნებოდა. შესაბამისად მე ვეთანხმები სემეკისა და ზოგადად მთავრობის პოზიციას შესაძლო საფრთხეებზე განცხადებასთან დაკავშირებით“. - აცხადებს გია არაბიძე

რაც შეეხება მოლოდინებს. როგორც ცნობილია, ბირჟის ამოქმედება მიმდინარე წლის ივლისის პერიოდში უნდა განხორციელდეს. აღნიშნულს ენერგეტიკოსი გია არაბიძე პესიმისტურად აფასებს. მისი თქმით, იმ ფონზე როცა ქვეყანაში მსხვილის პროექტები გაჩერებულია არსებობს კითხვის ნიშნები თუ რამდენად მოხერხდება არსებულ გარემოებაში ბირჟის გახსნა.

„მე მაინც ეჭვქვეშ ვაყენებ ჩვენს მზაობას ბირჟის გასახსნელად. ჩვენ რომ თავის დროზე ხუდონი, ნამახვანი და ნესკრა შეგვეყვანა ექსპლუატაციაში გაცილებით მეტად დაცულები ვიქნებოდით და არ გვექნებოდა რყევების შიში, როგორც ეს არსებულ რეალობაშია. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რადგან არ გვყავს მეზობელი ქვეყანა, რომელიც პრობლემას მოგიგვარებს. პირიქით, მგონია, რომ რუსეთი უფრო მეტად შეეცდება ამ ბირჟის გახსნის შემდგომ მეტი პრობლემები და რყევები გამოიწვიოს ჩვენს სისტემაში, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა.  ცხადია ჩვენ აღარ ვართ რუსეთზე მიბმული და გვყოფნის მეტ-ნაკლებად გენერაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მდგრადობისთვის“.

გია არაბიძე ასევე აცხადებს, რომ ქვეყნის მდგრადობისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი ტიპის ჰესების მშენებლობას, როგორებიცაა ჰუდონი, ნესკრა და ნამახვანჰესი.

„ენერგეტიკული მდგრადობისთვის როგორც პატარა, ისე საშუალო და დიდი ზომის ჰესების მშენებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველო არ არის იმ გარემოცვაში, სადაც პრობლემების შექმნისას რომელიმე მეზობელი დაეხმარება. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი გენერაცია, თანაც წყალსაცავების ტიპის გენერაცია, რომელიც რეზერვის შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს. თუნდაც ხუდონის, ნესკრას ან ნამახვანის ჰიდროელექტრო სადგური მოგვცემდა ჩვენ საშუალებას, რომ გვქონოდა მყარი საიმედო და უსაფრთხო გამომუშავება“. - აღნიშნა გია არაბიძემ.

ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული ბირჟა არის თავისუფალი, საბითუმო ბაზარი, სადაც მსხვილ საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტროენერგიის შესასყიდად პირდაპირ ბირჟაზე ივაჭრონ და ჰესების მფლობელებთან ხელშეკრულებები დამოუკიდებლად გააფორმონ. მსხვილი კომპანიების გასვლამ თავისუფალ ბაზარზე სამომხმარებლო ტარიფზე ზეწოლა უნდა შეამსუბუქოს