ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია სამუშაო ვიზიტით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდა, სადაც ავსტრიის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის EXAA Energy Exchange Austria-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

ენერგეტიკული რეფორმების მხარდაჭერისა და ავსტრიის ენერგეტიკული ბაზრების სამუშაო გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილი შეხვედრები ავსტრიის  ენერგეტიკული ბაზრის EXAA-Energy Exchange Austria-ს, ელექტროენერგეტიკული ფედერალური სისტემის ოპერატორის Austria Power Grid-ისა (APG) და სავაჭრო სამრეწველო პალატის (WKO) ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩატარდა.

შეხვედრაზე განიხილეს ელექტროენერგიით ვაჭრობის ავსტრიაში არსებული მოდელი, პრაქტიკა და გამოცდილება, ასევე, საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა.

EXAA-ს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით, უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოში მიმდინარე ბაზრის რეფორმის პროცესში. დაიგეგმა შემდეგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საქართველოში გაიმართება.