გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალი ინიციატივა იწყება, რომლის ფარგლებშიც განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას განახლებადი ენერგიის როლის შესახებ კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის საქმეში.

ინიციატივის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა, პრობლემების მოგვარების კუთხით შესაბამისი ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. როგორც Energynews-თან საუბარში ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე აცხადებს, აღნიშნული პროექტი გამოძახილია მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტთან არსებული თემების. მისივე თქმით, პროექტი ერთის მხრივ ხელს შეუწყობს დღეს არსებული მნიშვნელოვანი თემების გაცნობას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ენერგეტიკოსის პროფესიის პოპულარიზაციას.

„როგორც ვიცით, ქვეყანაში მიმდინარეობს  მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნების იმპლემენტაცია. აღნიშნული პაკეტი კი მოიცავს ბევრ სიახლეს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიების ათვისების კუთხით. ასევე მომხმარებელთა აქტივობის გაზრდის კუთხითაც. მოგეხსენებათ, რომ ამ დირექტივაში არის აქტიური მომხმარებელი, თვითმომხმარებელი. აქედან გამომდინარე ეს პაკეტი გულისხმობს მომხმარებელთა აქტივობის გაზრდას, რომელიც ცხადია, ინფორმაციის მიწოდებისა და გათვიცნობიერების გარეშე ვერ მოხდება. ამდენად, ვფიქრობ, რომ იუნისეფთან თანამშრომლობა ჩვენთვის სასარგებლო იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება იუნისეფთან თანამშრომლობის განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ტიპის თემატიკაზე ტრენინგების კუთხით და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ის სეგმენტია, რომელიც ამ თემას ძალიან კარგად განავითარებს და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოიყენებს“. - აღნიშნავს ნუგზარ ბერიძე.

აღნიშნული პროექტში თბილისის სკოლებიც მოიაზრება თუ სხვა რეგიონების სკოლები?

„სავარაუდოდ იქნება ჰიბრიდული სახის, რაც გულისხმობს როგორც თბილისის, ისე სხვა რეგიონის სკოლებში ტრენინგების ჩატარებას, თუმცა უფრო მეტად კონცენტრირებული ვიქნებით სხვა რეგიონებზე. ამ ეტაპზე ამ საკითხების დამუშავება მიმდინარეობს და ამის შემდეგ გახდება მოცემული ინფორმაცია ცნობილი“.

რა სარგებელს მიიღებენ ახალგაზრდები მოცემული ტრენინგების გავლის შემდგომ?

„პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ თაობაზე, რომელიც აკეთებს არჩევანს თავისი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. გარდა ამისა ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან, რომლებიც იღებენ სხვადასხვა  ინფორმაციას და იყენებენ მას თავის მომავალ საქმიანობაში. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ის სეგმენტია, რომელიც ამ ცოდნას ყველაზე უკეთ გაავრცელებს და გამოიყენებს.  უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოში ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს ენერგეტიკოსების კადრებში. ასეთი ტიპის ტრენინგები კი ზრდის ახალგაზრდებში პროფესიისადმი ინტერესს და მის პოპულარიზაციას ეწევა.

რაც შეეხება თავად აქტიურ მომხმარებლებს. მოგეხსენებათ, რომ აქტიური მომხმარებლად ითვლება ის, ვინც ჩართულია ელექტროენერგეტიკული ბაზრის შემდგომ განვითარებაში. აქ ითვლება  მომხმარებელი, რომელსაც ენერგიის წარმოების საკუთარი წყარო აქვს და თავად მოიხმარს მას, ან მის რეალიზაციას ეწევა.  ასევე აქტიურად შემოდის ე.წ დამაგროვლებლების თემა, როდესაც მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს ენერგიის დამაგროვებელი და ეს ენერგია გამოიყენოს როგორც საკუთარი მოხმარების გასაუმჯობესებლად, ისე სისტემას შეუწყოს ხელი რომ იყოს მაქსიმალურად მოქნილი. როგორც ვხედავთ, ძალიან ბევრი თემაა და მე ვფიქრობ ჩვენი ტრენინგ პროექტი საკმაოდ ნაყოფიერად ჩაივლის, სადაც მოსწავლეებს მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ამ თემების ირგვლივ. ამისთვის ჩვენ შესაბამის ტრენერებს შევარჩევთ, რომლებიც კარგად არიან საქმეში ჩახედულნი და დიდი გამოცდილება აქვთ ახალგაზრდებთან ურთიერთობის  სავარაუდოდ ეს პროექტი უკვე გაზაფხულიდან დაიწყება“. - აცხადებს ნუგზარ ბერიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.