წყალმომარაგების სექტორი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, რომელსაც სემეკი 2008 წლიდან არეგულირებს. მარეგულირებელი კომისიის ძირითად ფუნქციებში შედის წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის ტარიფების დადგენა, მიწოდებისა და მოხმარების წესების დადგენა, საინვესტიციო პროექტების შეთანხმება, სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი და ა.შ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სექტორის რეგულირების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის, აღსანიშნავია კომისიის 2020 წელს დამტკიცებული „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“. შედეგად, ლიცენზიის ამღებ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულებები, რომლებიც წყალმომარაგების უზრუნველსაყოფადაა საჭირო. თავის მხრივ, კომისია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს წყალმომარაგების ლიცენზიატი საწარმოების სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, ლიცენზიატთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე. ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რათა კომპანიებმა არ გადაუხვიონ ლიცენზირების წესებს და მომხმარებელს ხარისხიანად მოემსახურონ.

სექტორში გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ასევე უნდა ჩაითვალოს „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“, რომლის ფარგლებშიც ლიცენზიანტი საწარმოები კომისიაში წარმოადგენენ გრძელვადიან და მოკლევადიან საინვესტიციო გეგმებს. ახალი ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა ხდება როგორც ახალი მომხმარებლების სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ისე ხარისხის მაჩვენებლის უფრო მეტად გაზრდა, რაც გულისხმობს ავარიული გათიშვების მინიმუმადე დაყვანას. ცხადია ეს პროცესი ერთ დღეში არ ხდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წყალმომარაგების ლიცენზიანტმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს საინვესტიციო გეგმების შესრულება, გრძელვადიან პერიოდში შედეგიც აუცილებლად იქნება. ასე მაგალითად, წყალმომარაგების ლიცენზიატი საწარმოების მიერ თითოეული მომხმარებლისთვის სათანადო წესით წყალმომარაგების მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, არსებულის რეაბილიტაციისა და აგრეთვე ახალი ქსელის მშენებლობისა თუ აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების კუთხით, წყალმომარაგების ორი მსხვილი ლიცენზიატი საწარმოს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“  და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ 2022 წელს ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში შეადგინა 293.8 მლნ ლარი, რაც 2021 წლის მაჩვენებლებს აღემატება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილებაა. სატარიფო მეთოდოლოგია მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცვას მონოპოლიური ფასებისაგან და ასევე უზრუნველყოფს ინვესტორების ინტერესების დაცვას, სტაბილური ფუნქციონირების, გაწეული გონივრული დანახარჯების ანაზღაურებისა და სამართლიანი მოგების მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები დგინდება 3 წლით. სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად ტარიფების კორექტირებას მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდისათვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს წყალმომარაგების 8 ლიცენზიატი. წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 - მუნიციპალურს და 2 - კერძო საკუთრებაში არსებულს. მოსახლეობის 68.1%-ის (2 მილიონ ადამიანზე მეტი) სასმელი წყლით წყალმომარაგებას უზრუნველყოფენ წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 31.9 %-ის (მილიონ ადამიანზე მეტი) წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს.