სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორში ინვესტიციების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება. დავით ნარმანია ასევე აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისიის თვითმიზანი არა უშუალოდ ინვესტიციების მოცულობაა, არამედ შედეგი, რომელმაც უფრო მეტ ადამიანს უნდა მისცეს უწყვეტ კომუნალურ სერვისთან წვდომა.
„მარეგულირებელმა კომისიამ მიმდინარე წლის იანვრიდან გაზარდა ინვესტიციების მოცულობა როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორში. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი პროექტი ხორციელდება და უფრო მეტი პრობლემა გვარდება. ამას მოყვა სემეკის მხრიდან უფრო მკაცრი კონტროლი. დღესაც ჩვენი თანამშრომლები არიან, მაგალითად, კახეთის რეგიონში და ხდება როგორც შესრულებული საინვესტიციო პროექტების შეფასება, ისე არსებული პრობლემატიკის მოკვლევა და შესაბამისი ანალიზის გაკეთება. აქვე დავამატებ თუ რას ნიშნავს გაზრდილი ინვესტიცია, მაგალითად, თუ აქამდე თელასი წლიურად საშუალოდ 50-60 მილიონ ლარს ხარჯავდა დედაქალაქის ტერიტორიაზე, ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 110 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს 2024-2025 წელს. ასევე ორჯერ გაიზარდა ენერგოპროს მიერ განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობაც. ანალოგიურად ხდება ბუნებრივი გაზის სექტორშიც, მათ შორის რეგიონებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს უწყვეტ კომუნალურ სერვისთან წვდომა“. - აცხადებს დავით ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ინვესტიციების კუთხით მარეგულირებელი კომისია ეყრდნობა ევროპულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, ჩადებულ ინვესტიციაზე კომპანიამ უკუგების შესაბამისი ნორმა უნდა მიიღოს.
“ინვესტიციები და ტარიფები ერთმანეთთან პირდაპირ პროპორციულადაა დაკავშირებული. რაც უფრო მეტი ინვესტიციის საჭიროებაა სისტემაში, ის პირდაპირ აისახება ტარიფებზე, ვინაიდან კომპანიები, რომლებიც დებენ ინვესტიციას სჭირდებათ შესაბამისი უკუგება. ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით ჩვენ დადგენილი გვაქვს ჩადებულ ინვესტიციაზე უკუგების გასაშუალოებული ნორმა. შესაბამისად, ინვესტორმა კარგად იცის, რომ ჩადებულ ინვესტიციაზე ის შესაბამის ამონაგებს მიიღებს. კომისია ყოველთვის აფასებს ინვესტიციების მნიშვნელობას, საჭიროებასა და გავლენას მიწოდების უსაფრთხოებაზე“. - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გამანაწილებელ ქსელებში ინვესტიციების განხორციელება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლის კომუნალური სერვისებით უწყვეტად მომარაგებას. ცხადია, კომპანიების მხრიდან გაწეულ ინვესტიციებსა და პროექტებს შესაბამისი კონტროლი სჭირდება. ამ კუთხით, სემეკმა მიმდინარე წელს გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო, რომელიც ახლაც აქტიურად მიმდინარეობს.