მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში შეხვედრა გაიმართა.  

შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილმა. 

შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი. 

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას მონაწილეებს კომისიის  მიერ რეგულირებად სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპები გააცნო.

სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა მარეგულირებელი კომისიის როლზე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობაზე.  მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიის მიერ დაირღვა მისი უფლება, შეუძლია მომართოს სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო უწყებების, მარეგულირებელი კომისიების, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სექტორის მომხმარებლები.  

11-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.