პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკის კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვაზე, პოლიტიკასა და ამ პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო სექტორში არსებული სურათი, განვითარების დინამიკა, რეფორმების და მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობის პროცესი, ასევე ისაუბრა დარგის განვითარების მხარდამჭერ მექანიზმებზე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი კერძო სექტორთან. მნიშვნელოვანია, რომ თქვენგან მუდმივად მოვისმინოთ ის მოსაზრებები, რომელიც შეიძლება აქტუალური იყოს ენერგეტიკის სფეროს განვითარების კუთხით. ბოლო წლებში ქვეყანაში ენერგეტიკის პრიორიტეტულობა გაიზარდა და ვხედავთ, რომ უკვე გასულ წელს და მიმდინარე წელს ასზე მეტი მეგავატი ახალი დადგმული სიმძლავრე ემატება ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას. სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი გენერაცია, ამიტომ საჭიროა კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ენერგეტიკული დარგი“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების და კერძო ბიზნესების წარმომადგენლებმა, პროფილურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საბანკო სექტორმა.