ყველას მოგვეხსენება, რომ ელექტროენერგიის სექტორის საქართველოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, სტრატეგიულ სექტორს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის დარგის მუდმივი განახლება, განვითარება და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს როგორც სისტემის გამართულად ფუნქციონირებას, ისე გენერაციის ახალი წყაროების შექმნასა და იმპლემენტაციას.

ვფიქრობ სემეკმა განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რათა ენერგეტიკის მარეგულირებელი სისტემა დახვეწილიყო და დაახლოებოდა ევროპულ სტანდარტებს. ამ მხრივ გამოვყოფდი 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის მიღებას, რომელმაც, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა ენერგეტიკის სექტორში უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა კომისიის როლი, ფუნქციები და რომელმაც განაპირობა კომისიის მიერ არაერთი ახალი კანონქვემდებარე აქტის შემუშავების საჭიროება. მოცემული კანონის მიღების შემდგომ უკვე 2020-2022 წლებში, კომისიამ განახორციელა აქტიური ადმინისტრაციული  საქმიანობა და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობების მარეგულირებელ არაერთ კანონქვემდებარე აქტში. ამ პროცესმა შედეგად მოგვცა სექტორის კიდევ უფრო დალაგებული და დახვეწილი სახით მუშაობის სტრუქტურა. გამოვყოფდი ასევე იმასაც, რომ მოცემულ პროცესში ნათლად განისაზღვრა, ელექტროენერგიის მწარმოებელთა კატეგორიები, რომელიც გულისხმობდა:

  • მარეგულირებელი ელექტროსადგურები, რომლებსაც კომისია უდგენს ფიქსირებულ ტარიფებს;
  • ნაწილობრივ დერეგულირებული ელექტროსადგურები: 2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ელექტროსადგურები, რომელთა დადგმული სიმძლავრე მეტია 65 მგვტ-ზე. ასეთ ელექტროსადგურებს კომისია უდგენს ზღვრულ (ზედა ზღვარი) ტარიფებს;
  • დერეგულირებული ელექტროსადგურები, რომლებიც აშენებულია 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, ასევე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები (15 მგვტ-მდე საპროექტო სიმძლავრით), და ბაზარზე საქმიანობენ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის გარეშე;
  • გარანტირებული სიმძლავრის წყაროები (თბოელექტროსადგურები), რომლებსაც კომისია უდგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრულ (ზედა ზღვარი) ტარიფს.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად დავასახელებდი სემეკის გაცხადებულ პოზიციასა და სტრატეგიას, რომელიც ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისკენაა მიმართული. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს დაიწყო და შემდეგ წლებში, 2026 წლის ჩათვლით, მოხდება ბაზრის ლიბერალიზაცია, რომელიც გულისხმობს როგორც მიწოდების, ასევე მოხმარების მხარის გახსნასა და გასვლას როგორც საბითუმო, ასევე საცალო კონკურენტულ ბაზარზე. ფაქტობრივად აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება ევროკავშირთან ჰარმონიზების კუთხით უმნიშვნელოვანესი იქნება.

როდესაც ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ასევე არ უნდა გამოგვრჩეს განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის საჭირო ხელშეწყობა, რომელმაც ქვეყანას უკვე მოუტანა წარმატება. უნდა აღინიშნოს, რომ კომისიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება განახლებად ენერგიებსა და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის პრაქტიკულ განხორციელებაში, რაც გამოიხატება განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელზე პრიორიტეტულ დაშვებაში, აგრეთვე ქსელზე დაშვების ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ქსელურ ოპერატორებზე დაკისრებაში. აღსანიშნავია, რომ კომისიამ, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, 2021 წელს ასევე დაამტკიცა ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი. კომისიას წამყვანი როლი ენიჭება მიკროსიმძლავრის ელექტრო სადგურების რეგულირებისა და წახალისების დანერგვაში, რისთვისაც 2016 წლიდან მოქმედებს ე.წ. „ნეტო აღრიცხვის“ რეგულაცია.

საბოლოო ჯამში, სექტორის განვითარების ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია, ხოლო იმ გაცხადებული მიზნების განხორციელება, რაც ევროკავშირთან ენერგეტიკის კუთხით დაახლოებას გულისხმობს დაგვეხმარება ენერგეტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, რაც როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.