ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის ღირებულება, ამიტომაც, სხვადასხვა უწყებები ამ ნაწილში „ენერგო პროს“ გვერდით უნდა დაუდგნენ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია საუბრობს.

მისივე თქმით, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, პირადად აპირებს მესტიის მუნიციპალიტეტში გამგზავრებას.

„უსასყიდლო მოხმარებასთან დაკავშირებით, სემეკის პოზიცია არის უცვლელი - ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის ღირებულება, ამიტომაც, სხვადასხვა უწყებები ამ ნაწილში, თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები არღვევენ ამ წესს - უნდა დაუდგნენ „ენერგო პროს“ გვერდით. მე პირადად, ვაპირებ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ავიდე, ვნახო იქ არსებული სიტუაცია, და შემდეგ უკვე, ეს დაგვეხმარება მომავალი გადაწყვეტილებების მიღებაში. პირველ რიგში, ეს არის კომუნალური მრიცხველების დაყენება მიმართულებების მიხედვით“ - აცხადებს დავით ნარმანია.

რაც შეეხება „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების და ინვესტიციების განხორციელების საკითხს, სემეკის თავმჯდომარის პასუხი შემდეგია:

„სემეკმა ეტაპობრივად მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, „ენერგო პროს“ არ დაეთანხმა ახალი მომხმარებლების მიერთების გადავადებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი მომხმარებლები უნდა მიუერთდნენ ქსელს. კომისიამ ამის საფუძვლად აიღო ის, რომ მომხმარებელი, რომელიც მზად არის, გააფორმოს ხელშეკრულება კომპანიასთან და გადაიხადოს შესაბამისი, როგორც მიერთების საფასური, შემდეგ უკვე მოხმარებული ენერგიის საფასური - მას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება. თუ, ვინმე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიერთდება და შემდეგ არ გადაიხდის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას, კომისიის პოზიცია კვლავაც უცვლელი იქნება და მხარში დავუდგებით „ენერგო პროს“, რომ მოხდეს შესაბამისი აბონენტების ქსელიდან გათიშვა და არ ჩაერთონ ისინი, ვიდრე არ დადებენ დეპოზიტზე შესაბამის თანხას და არ გადაიხდიან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას“ - ამბობს დავით ნარმანია „ბიზნესპარტნიორთან“.

"ენერგო-პრო ჯორჯიის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატ-საათი შეადგინა.

"რა თქმა უნდა, კომენტარი ზედმეტია. მხოლოდ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნადგურდება რეგიონის ელმომარაგებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა, მატულობს ავარიული გათიშვების ოდენობა და სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია. მატულობს ხანძრების რისკი, იზრდება რეგიონის ხანგრძლივი შეზღუდვის რისკები.

თუმცა, ამის პარალელურად, თითქოს, შესაძლებელი ყოფილა ხაზების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, უფრო მეტი ინვესტირება და ქსელზე ახალი მომხმარებლებიც კი უნდა დავიერთოთ - რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია ეს ყოველივე. ამ უმძიმეს ვითარებაში გვიწევს ოპერირების გაგრძელება“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.