რასაკვირველია, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტია, რადგან ენერგეტიკული ბირჟა არის თავისუფალი, საბითუმო ბაზარი, სადაც მსხვილ საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტროენერგიის შესასყიდად პირდაპირ ბირჟაზე ივაჭრონ და ჰესების მფლობელებთან ხელშეკრულებები დამოუკიდებლად გააფორმონ. მსხვილი კომპანიების გასვლამ თავისუფალ ბაზარზე სამომხმარებლო ტარიფზე ზეწოლა უნდა შეამსუბუქოს. თუმცა იმ ფაქტს, რომ ბირჟის ამოქმედება 6-ჯერ გადავადდა აქვს თავისი ობიექტური ახსნა. მაგალითად, გადავადების უკანასკნელი მიზეზი, რომელიც გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას გულისხმობდა, მნიშვნელოვან საფრთხეებს უჩენდა ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასს. თავის მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელექტროენერგია სტრატეგიული პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ფასის სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ენერგიაზე ფასების ცვლილება უკვე ჯაჭვური რეაქციის სახით სხვადასხვა პროდუქტის ფასზეც პოვებს გავლენას, რაც, თავის მხრივ, დამაზიანებელია მოსახლეობისთვის.

აქედან გამომდინარე, ის საფრთხეები, რაც ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით არსებობდა სავსებით მისაღებია. სამწუხაროდ, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა ჩვენს გარშემო კვლავ არსებობს, მეორეს მხრივ გვყავს მეზობელი რუსეთი, რომლისთვისაც ეკონომიკური სპეკულაციები სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არახალია, ამასთან, ჩვენ არ გაგვაჩნია ფიზიკური კავშირი ენერგოგაერთიანებასთან. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრულად ათვისებული ენერგიის ის პოტენციალი, რაც ქვეყანას გააჩნია. სწორედ ამის ფონზე არის პერიოდი, როცა ჩვენთან ენერგია დეფიციტურია, მაგალითად ზამთრის პერიოდი. 

ზემოთ აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, ბირჟის ნახევრად ამოქმედებას სჯობდა, რომ მისი ვადები გადაწეულიყო, რადგან ეს კონტრპროდუქტიული და საფრთხის შემცველი შესაძლოა ყოფილიყო ჩვენთვის.

აღნიშნული გამოწვევების გადალახვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ჩვენი ენერგოპოტენციალის სრულად ათვისებაში გამოიხატება. საქართველოში ჰესები აქტიურად უნდა შენდებოდეს, საუბარი მაქვს როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი ზომის ჰესებზე. აღნიშნული შესაძლებლობას მოგვცემს ენერგოეფექტურობა იმ დონემდე გავზარდოთ, რომ ბირჟის ამოქმედების ფონზე მოთხოვნა-მიწოდების გათვალისწინებით ელექტროენერგიის ფასი სტაბილურ დინამიკაში არსებობდეს.