როგორც უკვე ცნობილია ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა რომან გოცირიძემ მოამზადა და პარლამენტში დაარეგისტრირა ორი სხვადასხვა კანონპროექტი, რომელთაგან ერთი სემეკის და კომკომის ხელმძღვანელობისთვის ხელფასების შემცირებას და ზედა ჭერის დაწესებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე თავად სემეკის დაფინანსების შემცირებას.

სემეკის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებლის ფინანსური შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ მიდგომებთან, დირექტივებთან და სულისკვეთებასთან.

„კანონპროექტი, რომელიც რომან გოცირიძემ წარმოადგინა, არის აბსურდული, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა, მათ შორის ფინანსური, ეწინააღმდეგება ევროპულ მიდგომებს, დირექტივებს და სულისკვეთებას. ამასთან დაკავშირებით კომისიამ მოამზადა თავისი შეფასება და უკვე გააგზავნა პარლამენტში. როგორც ჩანს, ამ ადამიანს მეტი არ მოეკითხება და რაც მოეკითხება, ის წარადგინა“.- აცხადებს დავით ნარმანია.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი კომენტარი ექსპერტებმაც გააკეთეს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა ვახტანგ ჭარაიამ Energynews-თან საუბრისას განაცხადა, რომ “სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ საქმიანობაში ამაში გასაკვირი არაფერია”.

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, ეს იქნება საოპერაციო ველი თუ მასზე დაკისრებული ვალდებულებები. შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ საქმიანობაში ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა არა იმაზე მეტი, რაც კანონით იყო განსაზღვრული 2013 წელს ან დღეს. სემეკს აქვს სპეციფიკური ფორმულა, რომლითაც მისი ბიუჯეტი ანგარიშდება, ვგულისხმობ რეგულირების განაკვეთს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცენტულობა გასული 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, თუ გაიზარდა საოპერაციო ველი, შემოსავლის მატებაც ბუნებრივად ხდება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სემეკს დაემატა მელიორაციის სექტორი, ასევე კვლევითი მიმართულება და ასე შემდეგ“. - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.