HELIOS ENERGY მზის ელექტროსადგურების დამონტაჟების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

Helios Energy მზის ელექტროსადგურების დამონტაჟების მასშტაბურ პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ განუცხადა. მისი თქმით, პროექტის მიზანია რაც შეიძლება მეტი მოქალაქე თუ მეწარმე გახდეს ენერგოდამოუკიდებელი.

„მზის ელექტროსადგურის დასამონტაჟებლად, საჭიროა ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება, საწარმოს უნდა ჰქონდეს თვეში 7000 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარება და სასურველია სახურავი იყოს სამხრეთისკენ მიმართული მინიმუმ 10%-იანი დახრით. რაც მთავარია, ელექტროსადგურის დამონტაჟება უფასოა. მომხმარებელს შეუძლია 6 წლის განმავლობაში გადაიხადოს მზის ელექტროსადგურის იჯარის თანხა, ზუსტად იმდენი, რაც უნდა გადაეხადა გამომუშავებული ენერგიის გადასახადში და 6-8 წლის შემდგომ მზის სადგური მისი საკუთრება გახდება,“ – აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

პროექტს Helios Energy აფინანსებს და ჩართული არიან საკრედიტო დაწესებულებებიც. დარჯანიას თქმით, კომპანიის მიზანია გაზარდოს მზის ელექტროსადგურების დაყენების რაოდენობა და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს თითოეული მოქალაქისთვის.

„ელექტროენერგიის ტარიფის მომატებამ მომხმარებლის მხრიდან ჩვენს პროდუქტზე ინტერესი გაზარდა. იმის მიუხედავად, რომ 2020 წელს იყო სერიოზული დანაკარგები, კომპანიას ზარალზე არ უმუშავია და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ საქმიანობას. 2021 წელს საკმაოდ პოზიტიურად ვხვდებით,“– ამბობს Helios Energy–ს დამფუძნებელი.

Helios Energy ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომნპანიას საერთო ჯამში, დაყენებული აქვს 1,2 მეგავატის ელექტროსადგური, რომელიც წლიურად 1 560 000 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი”

პოზიცია