გიორგი ფანგანი: “ენერგოკომპანიები მრიცხველების ვადაგადაცილებული წაკითხვის გამო, შესაძლოა, დაჯარიმდნენ”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ამ დროისთვის მომხმარებლების 100-მდე საჩივარია შესული. საქმე ეხება მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა, საკმაოდ ბევრი საჩივარია შესული როგორც სოციალური ქსელის, ისე ქოლ-ცენტრის მეშვეობით, რომელიც ამ დროისთვის ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის.

კითხვაზე, რომელი გამანაწილებელი კომპანიის მისამართითაა დაფიქსირებული უფრო მეტი საჩივარი, ფანგანი განმარტავს, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტი პრეტენზცია „თბილისი ენერჯის“ მიმართ აქვს.

მისი ინფორმაციით, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამდედ 32-ე და 33-ე დღეებზე.

კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება, ასევე მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით.

„კომპანიებმა დაიწყეს გასწორება და ბევრს უკვე შეეცვალა ჩვენება და მათზე გავრცელდა სუბსიდირების პროგრამა. სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი და კომპანიებს შესაბამისი მითითებები მიცემული აქვს,“ – აცხადებს ფანგანი.

გავრცელდება თუ არა შექმნილ სიტუაციაში გამანაწილებელ კომპანიებზე რაიმე ტიპის შენიშვნა ან ჯარიმა, ფანგანი აცხადებს, რომ ამას მოკვლევა დაადგენს.

“ამჟამად მიდის ადმინისტრაციული მოკვლევის ფარგლებში მოკვლევა რატომ მოხდა და ასე შემდეგ. თუ ეს აღმოჩნდა გარკვეული ხარვეზი, რომელიც იყო დროებითი, თუნდაც, პანდემიიდან გამომდინარე, მოხდება ამის შესწავლა. ხოლო თუ გამოიკვეთა სისტემური ხარვეზი და ხასიათი, ამას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. არ გამოვრიცხაც, რომ კომპანიები დაჯარიმდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ აქამდე ეს უნდა დადგინდეს,“-აცხადებს ფანგანი.

მისი თქმით, სანქცია ორი სახისაა, პირველი – გაფრთხილება, მეორე – ფულადი ჯარიმა რომელიც მაქსიმუმ 75 000 ლარამდეა.

შეგახსენებთ, მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას, სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების (როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე უმრიცხველო აბონენტებს) და დასუფთავების გადასახადებს. ასევე, ამ თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს.

პოზიცია