კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ელექტრომობილების მოხმარება წახალისდეს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წახალისდეს ელექტრომობილების მოხმარება ქალაქში, სწორედ ამიტომ, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ შეიმუშაოს ახალი პროგრამა და თავად მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ელექტროდამტენების მონტაჟი იმ ადგილებში, საიდანაც მოთხოვნა წამოვა მოქალაქეების მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა, მათ შორის ელექტროდამტენების პროექტიც შეჩერდა.

„დაახლოებით, 2 წლის წინ დავიწყეთ ელექტროდამტენების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ელექტრომობილების მფლობელების მიერ მოთხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მხრიდან ელექტროდამტენების დამონტაჟებას.

ჩვენ მაშინ შევკარით ძალიან კარგი სტრუქტურა და ბიზნესის მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროდამტენების მონტაჟს. დაახლოებით 30 დამტენი დამონტაჟდა ქალაქის მასშტაბით, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, ძალიან ბევრ პროექტზე უარის თქმა მოგვიწია, ბიუჯეტი შემცირდა და ამ მდგომარეობამ გავლენა მოახდინა აღნიშნულ პროგრამაზეც. გვაქვს გარკვეული ხარვეზები, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წახალისდეს ელექტრომობილების მოხმარება ქალაქში, სწორედ ამიტომ, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ შეიმუშაოს ახალი პროგრამა და თავად მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ელექტროდამტენების მონტაჟი იმ ადგილებში, საიდანაც მოთხოვნა წამოვა მოქალაქეების მხრიდან. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ამ ელექტროდამტენების პრივატიზაცია, რეალიზაცია და კერძო სექტორის ჩართულობა.

იქედან გამომდინარე, რომ დღეს გვაქვს არასახარბიელო მდგომარეობა არა მარტო თბილისში ან საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ გარემოებით არ უნდა დაზარალდეს ეს ინიციატივა და ეს პროგრამა, ვინაიდან საკმაოდ მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ვფიქრობ, ეს არის პროგრამა, რომლისთვისაც ამ რთულ პერიოდში მუნიციპალიტეტმა გარკვეული დანახარჯი უნდა გაიღოს. ამიტომ, მინდა ვთხოვო ირაკლის, მოიძიოს თანხები, რათა მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს დამტენების მონტაჟი და შემდგომში მოვახდინოთ მათი პრივატიზაცია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Leave a Reply