გერმანიამ, საკუთარ საზღვაო წყლებში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა

გერმანიამ, საკუთარ საზღვაო წყლებში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ნებართვა საზღვაო ნავიგაციისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა სამსახურმა (BSH) გასცა, რომლის მიხედვით, კონსორციუმს, მაისის თვეში გერმანიის საზღვაო წყლების ორკილომეტრიან მონაკვეთზე შეეძლება მილების მშენებლობა. მშენებლობა გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შედეგად იყო შეჩერებული.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ყველა ინტერესის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ მოხდა.

ორკილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც გაზსადენის მილები უნდა განთავსდეს, გერმანიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს.

გაზსადენის მშენებლობას, გერმანიის ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების კავშირი და ორგანიზაცია Deutsche Umwelthilfe ეწინააღმდეგებიან, რომელთაც კონსორციუმის წინააღმდეგ სარჩელი ჰქონდათ შეტანილი ჰამბურგის სასამართლოში, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სამუშაოების 95 პროცენტი უკვე შესრულებულია. პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან აშშ, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის გავლენის გაზრდის საშიშროებას ხედავენ. გერმანიის მთავრობა კი, პროექტს მხარს უჭერს.

Leave a Reply