“დაისახა გეგმები, რათა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული საკითხების უფრო მაღალ დონეზე შესწავლა მოხდეს”

მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უფლებები როგორც ინვესტორის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც პროექტის ფარგლებში მუშაობენ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა.

დეესკალაციას რა თქმა უნდა, აქვს ორი მხარე. პირველი, არის სახელმწიფო მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, კომპანიას დღეს, რომელიც კანონიერად გაცემული ნებართვის პირობებში ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ საწყის, მოსამზადებელ სამუშაოებს, არ შეექმნება პრობლემა, მათ თანამშრომლებს არ შეექმნებათ პრობლემა. 300-მდე ადგილობრივი მცხოვრებია, მათ შორის რიონის ხეობაში მცხოვრებლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქაც ყველა უფლება იყოს დაცული როგორც ინვესტორის, ასევე იმ ადამიანების, ვინც მუშაობს, ამ პროექტში არის დასაქმებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დაისახა გეგმები, რათა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული რიგი საკითხების უფრო მაღალ დონეზე შესწავლა მოხდეს.

„გარდა ამისა, დაისახა გეგმები, რომ მოხდეს უფრო კვალიფიციურ, მაღალ დონეზე შესწავლა გარემოს დაცვის, კომერციული ასპექტების, თუ რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას. იგივე სამუშაოების თუნდაც დროებით შეწყვეტას, რასაც მძიმე შედეგი ექნება როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც, რადგან ამის შედეგად, პრაქტიკულად კომპანიას ექნება სრული უფლება, რომ სახელმწიფოს ამაზე სრული პასუხი მოსთხოვოს, ვინაიდან ისინი დღეს კანონიერი ნებართვის ფარგლებში მოქმედებენ. ვფიქრობ, მთლიანობაში, ეს წინაპირობები, რაც დაისახა, იძლევა საშუალებას, რომ მშვიდობიანად, ეტაპობრივად მოხდეს პროექტის ირგვლივ ვითარების ნორმალიზება და ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რათა ეს პროექტი იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ კომპანიასთან და მათი კეთილი ნებაა, პირობები გაუმჯობესდეს, მათ შორის, გადაიხედოს იჯარით გადაცემული მიწების ხანგრძლივობა.

„იცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ კომპანიასთან. მათი კეთილი ნებაც არის, რომ პირობები გაუმჯობესდეს, მათ შორის, თუნდაც იჯარით გადაცემული მიწების ხანგრძლივობა გადაიხედოს, რაც არაერთგვაროვნად იყო აღქმული საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობას სრულად შეესაბამება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ წუხილი გაუმჯობესებული ფორმით იყოს ასახული კონტრაქტში. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად. ახლა მთავარია, ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply