„ენკა“ – მივესალმებით დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს

კომპანია „ენკა“ სოფელ გუმათში რკინის ბარიერების მოხსნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მიესალმებიან.

„მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას.

„მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების უფლება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს კომპანიაში.

შეგახსენებთ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდების შესაბამისად, რომ გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის, სოფელ გუმათში რკინის ბარიერები უკვე მოხსნილია.

ამასთან, შალამბერიძის განმარტებით, რიონის ხეობაში დარჩება იმდენი სამართალდამცველი, რამდენიც საჭირო იქნება ვითარებიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, სოფელ გუმათში, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

Leave a Reply