“ორივე მხარისთვის დღეს მნიშვნელოვანია გარკვეულ კომპრომისებზე წავიდნენ”

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორებმა მათთვის შეთავაზებული ადგილები დაათვალიერეს. თუმცა ისინი არცერთ შეთავაზებას არ დათანხმდნენ. იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულის თქმით, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. ამ თემაზე ზვიად შალამბერიძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„მესმის მათი პოზიცია, რომ რეალურად აუცილებლად ამ მიწაზე უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ორივე მხარისთვის დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეულ კომპრომისებზე წავიდნენ, იისთვის რომ დიალოგი გაგრძელდეს. გაგრძელდეს ევროკავშირის მედიაციით ის ურთიერთობა, რომელიც დღეს დაწყებულია და რაც ასევე მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის“, – განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, კარვისთვის ადგილზე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რათა სახელმწიფომ და მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დანარჩენი ვალდებულებები შეასრულოს.

„თავისთავად, ამ ფაქტის გარეშე, რასაც კარვის დადგმის ლოკაციის შერჩევა ჰქვია, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება აუცილებლად შესათანხმებელი, აუცილებლად მოსალაპარაკებელი მათთან,რ რის შედეგადაც მერე უკვე გავაგრძელებთ ურთიერთობას. გუშინდელი ჩვენი შეხვედრის შინაარსიც ძირითადად სწორედ ეს იყო – შეგვერჩია სწორი ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ პროტესტის გაგრძელებას“, – აღნიშნა რწმუნებულმა.

ზვიად შალამბერიძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს გუშინ შეხვდა. მანამდე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

Leave a Reply