თეა გოდოლაძე კრემლის მედიასთან – “სპუტნიკთან” აქტიურად თანამშრომლობს

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებად მედიასთან, კერძოდ, სააგენტო სპუტნიკთან აქტიურად თანამშრომლობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სააგენტოს მულტიმედიურ ცენტრში 4 აგვისტოს პრესკონფერენცია ჩაატარა.

პრესკონფერენციაზე თეა გოდოლაძე ნამახვანის მშენებლობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ნამახვანის ტერიტორიის სეისმური მდგომარეობა ჯერ კიდევ შეუსწავლელია და გეოლოგებმაც კი არ იციან, რა ხდება იქ.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტრმა პრესკონფერენციაზე დაასახელა ის უბნები, რომელიც თბილისელებისთვის პრესტიჟულად ითვლება, მაგრამ გეოლოგიური თვალსაზრისით, პრობლემურია. „ეს უბნებია ვერა, ვაკე და მთაწმინდა,“ – დასძინა გოდოლაძემ.

ილიაუნის პროფესორმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მეწყერების, წყალდიდობებისა და მიწისძვრების თაობაზეც.

თეა გოდოლაძისა და სპუტნიკის ურთიერთობა 2011 წლიდან იწყება. 6 წლიანი პაუზის  შემდეგ, თანამშრომლობა 2017 წელს განახლდა და ამჟამად აქტიურ ფაზაშია. სპუტნიკის მედიაცენტრში 4 აგვისტოს ჩატარებულ პრესკონფერენციას დიდი გამოხმაურება მოყვა თბილისსა და რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქმა “სპუტნიკის” ყველა გვერდს საკუთარ სოციალურ ქსელში სპეციალური ნიშანი მიანიჭა, რომლის მიხედვითაც დააფიქსირა, რომ ეს გვერდები რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებად მედია საშუალებებს წარმოადგენს.

2017 წლის იანვარში აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ კრემლი RT-სა და სპუტნიკს ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა. 2017 წლის 26 ოქტომბერს Twitter-მა Russia Today (RT)-სა და Sputnik-ის კუთვნილი ანგარიშებიდან რეკლამის განთავსება აკრძალა. ტვიტერმა გადაწყვეტილება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და მასში რუსეთის მონაწილეობაზე აშშ-ს დაზვერვის დასკვნის საფუძველზე მიიღო. 

Leave a Reply