“ჩინეთთან ენერგეტიკული გარიგებები მოსკოვისთვის სახიფათოა”

პარალელურმა ენერგოკრიზისმა – ევროპაში და ჩინეთში – მოსკოვს პეკინთან მომგებიანი საგაზო გარიგების დადების საშუალება მისცა. კერძოდ, რუსეთი ჩინეთს მიჰყიდის გაზს იგივე საბადოებიდან, რომლებიდანაც ცისფერი საწვავით ევროპას ამარაგებს.

ეს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩინეთზე ზრდადი დამოკიდებულება შესაძლოა თავად რუსეთისთვისაც ძალიან სარისკო აღმოჩნდეს.

მოსკოვში კარგად იციან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის დედაქალაქებში მიღებულ იქნება კოორდინირებული ზომები „გაზპრომის“ გავლენის შესამცირებლად. ამიტომაც, ევროპასთან ერთად ვლადიმირ პუტინი მეორე ეკონომიკურ გიგანტს, ჩინეთს უყურებს.

„გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ჩინეთს და რუსეთს შორის გაზსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე მუშაობას ამთავრებს. სავარაუდოდ, პროექტ “Сила Сибири-2”-ს რეალიზების შეთანხმება 2022 წლის დასაწყისში იქნება ხელმოწერილი.

კრემლმა კარგად იცის, რომ ჩინეთში ენერგოკრიზისის მიერ წარმოქმნილი შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გამოიყენოს, ხოლო პეკინი რუსულ გაზს ნახშირზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიის ნაწილად განიხილავს.

ენერგოკრიზისის გამო ჩინელები ჩქარობენ, მოსკოვი კი მშვენიერად იყენებს იმას, რომ პეკინს ურჩევნია მიიღოს გაზი მეგობრული სახელმწიფოს მილსადენებით, ვიდრე საზღვაო მარშრუტებით, რომლებსაც ამერიკული ფლოტი აკონტროლებს.

ამ დროისთვის უკვე არსებობს მილსადენი “Сила Сибири”, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა, ახალი პროექტი კი ევროკავშირისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს – საქმე ისაა, რომ “Сила Сибири-2” ჩინეთს გაზს იმ საბადოებიდან მიაწვდის, რომლებიც ევროკავშირის მომარაგებისთვის გამოიყენება.

ახალი გაზსადენი რუსეთს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების შესაძლებლობას მისცემს და „გაზპრომის“ პოზიციებს ევროპასთან ვაჭრობაში გააძლიერებს.

თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი მიდგომა თავად რუსეთისთვის დიდი რისკებს შეიცვას – თუ მოსკოვი ჩინურ მიმართულებაზე ზედმეტად გააქტიურდება, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში აღმოაჩინოს, რომ ის უკვე არა ევროკავშირზე, არამედ ჩინეთზეა დამოკიდებული.

ჩინეთმა ენერგომატარებლების მიღების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინა და დღეს მას ენერგეტიკის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობა აქვს.

მაგალითად, თუ ერთხელ პეკინი ჩათვლის, რომ მოსკოვმა იარაღი ინდოეთს და ვიეტნამს არ უნდა მიჰყიდოს, მოსკოვს ამ მოთხოვნაზე უარის თქმა გაუჭირდება – ჩინეთი ხომ ძირითადი და საკმაოდ მომგებიანი პარტნიორია.

სავარაუდოდ, კრემლში ამ რისკს აცნობიერებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვს, ისევე როგორც ევროპის მიმართ, ამ საკითხშიც გრძელვადიანი აზროვნება აკლია.

ის რუსი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩინეთთან ზედმეტი დაახლოების საფრთხეზე საუბრობენ, სავარაუდოდ, კრემლის კულუარებში ბრძოლებს წააგებენ.

გაიმარჯვებენ ისინი, ვინც ევროპას მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და ვინც ჩინეთის მიმართულებით გაზსადენის მშენებლობას ლობირებენ – იმის მიუხედავად, რომ ეს პროექტი ნახევარი ევრაზიის გავლას გულისხმობს, ამიტომაც ის ძალიან ძვირადღირებულია.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply