ბაიდენის ადმინისტრაცია მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან იმ დებულებების ამოღებას ცდილობს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან იმ დებულებების ამოღებას ცდილობს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი Foreign Policy წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალის ინფორმაციით, გასულ კვირას, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ჯო ბაიდენის მთავარი თანაშემწეები სენატში „დემოკრატებს“ დაუკავშირდნენ და იმ შესწორებების გაუქმება სთხოვეს, რომელიც თეთრი სახლის გვერდის ავლით სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში ჩართული სუბიექტებისთვის.

აშშ-ის კონგრესში ერთ-ერთმა თანაშემწემ განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია გერმანიისგან დაშორება არ მოხდეს, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოკავშირე იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში.

21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

Leave a Reply

Menu Title