EBRD-მა წელს $200 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა, პერსპექტივას ენერგეტიკაში ხედავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021-2026 წლების სტრატეგია წარადგინა, რომელიც კონკურენტუნარიანობაზე, ინკლუზიურობაზე, რეგიონულ და მწვანე განვითარებაზეა ორიენტირებული.

EBRD-ის ინვესტიციები, ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან 4.53 მლრდ  ევროს შეადგენს 269 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში. ხოლო, ინვესტიციების 78% კერძო სექტორზე მოდის.

როგორია ევრობანკის გეგმა მომდევნო ხუთ წელში და როგორ აფასებს საფინანსო ინსტიტუტი ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებს –  “ბიზნესპარტნიორს“ EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა უამბო.

– EBRD-მა საქართველოსთვის მომდევნო 5 წლის სტრატეგია წარადგინა, რომელიც სამ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს. უფრო კონკრეტულად რომ გაგვაცნოთ, რას მოიცავს აღნიშნული მიმართულებები და როგორია კონკრეტული სამოქმედო გეგმა?

– დირექტორთა საბჭომ სულ ახლახანს დაამტკიცა მომდევნო 5 წლის სტრატეგია საქართველოსთვის. ეს იყო საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი. საკმაოდ ღრმა დიალოგი გვქონდა როგორც სახელმწიფოსთან, ისე კერძო სექტორთან და სხვა წრეებთან, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავით, რა სჭირდებოდა ქვეყანას ამ პერიოდის განმავლობაში. შევჩერდით სამ მიმართულებაზე, ერთი ესაა კონკურენტუნარიანობა და ეკონომიკის მდგრადობა, მეორე ესაა ინკლუზიური და ინტეგრირებული ეკონომიკა, ხოლო მესამე პრიორიტეტად მწვანე და კარგად მართული ეკონომიკა გამოვყავით.

პირველი პრიორიტეტის ფარგლებში მხარს დავუჭერთ მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე მსხვილ ბიზნესებს. პირველ რიგში მხარდაჭერა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში გამოიხატება, ამავე დროს გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ფინანსები ხელმისაწვდომი იქნება დიდ ქალაქებს გარეთაც. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ ნებისმიერი ტიპის ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებთან, რაც მხარს დაუჭერს კერძო სექტორის ოპერირებას ქვეყანაში.

ინკლუზიური და ინტეგრირებული ეკონომიკის ფარგლებში, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ქვეყანა ინტეგრირებულია. ბოლო ორ წელში ყველამ კარგად ისწავლა ონლაინ მუშაობა, ეს საჭიროება იყო, თუმცა გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეკონომიკის დიჯიტალიზაცია გაგრძელდება. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ახალგაზრდა ადამიანებს ვისაც მუშაობის სურვილი აქვს, არ მოუწიოთ დიდ ქალაქებში საცხოვრებლად გადასვლა. მათ კარგ სამსახურში მუშაობა თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან უნდა შეეძლოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყნის მასშტაბით დაბალანსებული იყოს.

თუ ჩვენ შევხედავთ მწვანე და კარგად მართულ აქტივობებს, მწვანე მაგალითად განახლებადი ენერგიაა, ტრადიციულად ჩვენ აქტიური ჰიდოელექტროსადგურებში ვართ, თუმცა გვსურს, რომ გავფართოვდეთ როგორც მზის, ისე ქარის ენერგიების მიმართულებით, რათა პროექტები იყოს დივერსიფიცირებული.

რაც შეეხება კარგად მართვას, აქ უკვე საუბარია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებზე.  რეფორმა  სწორედ ახლა იწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი კომერციული სიცოცხლისუნარიანობა და ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ პროცესით.

– როგორია EBRD-ის ინვესტიციების გეგმა მომდევნო წელს, წლევანდელთან შედარებით?

– ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული ბიუჯეტები. მივყვებით კერძო სექტორის საჭიროებებს, ასევე იმას, თუ რა შეიძლება მთავრობას დასჭირდეს.

ტრადიციულად, ქვეყანაში ჩვენ 250-350-მდე მილიონი ევროს ინვესტირებას ვახდენთ. გასული წელი განსაკუთრებული იყო, კრიზისიდან გამომდინარე. 2020-ში ჩვენი დაფინანსება 600 მლნ ევროზე მეტი იყო. საბედნიეროდ, წელს უკვე ნორმალურ დონეს დავუბრუნდით 200 მლნ-ის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ მოცულობები გაიზრდება, მაგრამ არა კრიზისის, არამედ მძლავრი ინვესტიციების გამო. ამ თვალსაზირისით, მაგალითად, განახლებადი ენერგია კარგი საინვესტიციო მიმართულებაა ჩართული მხარეებისთვისაც და მთავრობისთვისაც.

ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით ინვესტიციები არსებითად გაიზრდება.

– თქვენი პორტფელის თითქმის 80% კერძო სექტორზე მოდის, რა იყო და რჩება დღეს მთავარ გამოწვევად კერძო სექტორისთვის და რა გამოწვევებს უნდა ველოდოთ მომდევნო წელს?

– მთავარი გამოწვევა ნებისმიერი პროგნოზი იყო – გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელი იყო რაიმეს დაგეგმვა. პანდემიის განმავლობაში, ერთ-ერთი პირველი გამოწვევა სტუმართმოყვარეობის სექტორისთვის მხარდაჭერა იყო, რადგან არ ჰყავდა ტურისტები და მათ გადარჩენა ესაჭიროებოდათ. მეორე გამოწვევა, მას შემდეგ, რაც მიწოდების ჯაჭვი დაირღვა. უამრავი რამ, რისი იმპორტიც ხორციელდებოდა შეფერხდა და ადგილობრივმა კომპანიებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა საკუთარი წარმოებისთვის და ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად. ჩვენ ვცდილობთ ძალიან სწრაფად დავეხმაროთ საკვების, სამშენებლო მასალების და სხვა მიმართულებების წარმოებას, რომელთა იმპორტიც უცებ რთული აღმოჩნდა. ამავე დროს, თვალს ვადევნებთ რა სჭირდება მთავრობას კრიზისის პერიოდში. რა თქმა უნდა, აღარ ვსაუბრობ ჯანდაცვის მიმართულებაზე, რომელიც ძალიან აუცილებელი სექტორი იყო მხარდასაჭერად.

ვიმედოვნებ, რომ სამუშაო პროცესი მეტად პროგნოზირებადი იქნება.

– კონკურენტუნარიანობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორია კონკრეტული ხედვა და გეგმები ამ მიმართულებით?

– პირველ რიგში საქართველო გლობალურ დონეს უნდა შევადაროთ. ხარისხობრივი თვალსაზირით, ყველგან ერთნაირი მოთხოვნებია. ამიტომ, ერთ-ერთი მიმართულება სტანდარტების გაძლიერებაა. მაგალითად, ბანკების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო ხაზების გაცემა ძალიან კარგი ინსტრუმენტია. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს აიმაღლონ თავიანთი სტანდარტები და ექსპორტი განახორციელონ ევროკავშირში ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე ჩვენ საკრედიტო ხაზს ვუყოფთ მარგინალურ ჯგუფებს, რომელთაც უფრო რთული წვდომა აქვთ ფინანსებზე. ესენია მაგალითად, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რეგიონებში ცხოვრობს, ქალები, ახალგაზრდა მეწარმეები, სადაც ჩვენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ თავიანთი ბიზნეს ინიციატივების ბიზნესებამდე ზრდაში.

მეორე ნაწილია უნარების განვითარება. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა სამომავლო საჭიროებებზე მორგებას საჭიროებს. კურსდამთავრებულებს უნდა ჰქონდეთ ის უნარები, რასაც კომპანიები ითხოვენ. ამ მიმართულებითაც არაერთ ინიციატივაზე ვმუშაობთ.

– როგორ შეაფასებთ მთავრობისა და ეროვნული ბანკის მუშაობას პანდემიის ორ წლიან პერიოდში?

– საკმაოდ რთული შეკითხვაა. ვფიქრობ, ყველა ქვეყანა მსოფლიოში საკმაოდ კარგად გადაეწყო იმ მოცემულობაზე რაც შეეძლოთ. ისეთი გაურკვევლობა იყო, რაც არავის არასოდეს გამოუცდია. 10 წელში შესაძლოა ჩვენ შევაფასოთ რა გაკეთდა კარგად და რა არა, თუმცა საერთო ჯამში ფეხზე დავდექით, ეკონომიკა ახლა მზარდია, რასაც მშპ-ს ზრდაშიც ვხედავთ, დავუბრუნდით პრე-პანდემიურ დონეს, რაც ძალიან კარგი ინდიკატორია. ერთი რამ, რაშიც საქართველო ახლა უნდა დარწმუნდეს, ესაა ვაქცინაციის სწორი დაძვრა, რადგან ეს მომდენვო წელს ტურიზმის დონეზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, უფრო მეტ ტურისტს მიიღებს ქვეყანა. ეს ნამდვილად მთავარი მნიშვნელობის საკითხია.

– მინდა გკითხოთ მწვანე დაფინანსებაზე. მაშინ როდესაც EBRD-მა მწვანე ეკონომიკების დაფინანსება 1.9 მლრდ-მდე გაზარდა. აპირებს თუ არა საფინანსო ინსტიტუტი უფრო ფართო ან ახალი პროექტების წარმოდგენას ქვეყანაში ამ მიმართულებით.

– რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ გავზრდით ჩვენს მწვანე დაფინანსებას. თბილისი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, რომელიც მწვანე ქალაქებს შეუერთდა. გვინდა განვაგრძოთ მუშაობა არამხოლოდ თბილისთან, არამედ ბათუმთანაც. ამ თვალსაზრისით მწვანე ენერგია და განახლებადი ენერგია მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან ყველაზე მაღალი პოტენციალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის სწორედ მას აქვს. რაც შეეხება კერძო სექტორს, ჩვენ გვყავს შესაბამისი გუნდი, რომელიც კომპანიებს ყველაზე ენერგოეფექტურ და მწვანე გადაწყვეტილებებს არჩევინებს. ეს რა თქმა უნდა თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად განიხილება და ჩვენ ნებისმიერ პროექტს მწვანე პერსპექტივით ვუყურებთ.

– როგორ შეგიძლიათ შეაჯამოთ EBRD-ის მიერ უკვე განხორციელებული პროექტები?

– უმეტესი პროექტები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. როდესაც კერძო სექტორზე ვსაუბრობთ, მათ სხვადასხვა საჭიროება გააჩნიათ, სახელმწიფო პროექტები კი უფრო კომპლექსურია მხარდასაჭერად. ზოგჯერ რასაკვირველია გვაქვს უკმაყოფილება, რომ პროექტები ნელა მიმდინარეობს, თუმცა ეს შესაძლოა ნეიტრალური მიზეზებით იყოს გამოწვეული. ყველანი ვცდილობთ განვახორციელოთ პროექტები სწრაფად, ისე რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამავე დროს, ეს ყველაფერი ხარისხიანად უნდა შესრულდეს. არ გვინდა სისწრაფე თუ ეს ხარისხიანი არ იქნება. ამიტომ ეს ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს. საკმაოდ დიდი და კომპლექსური პროექტებია და თუ შეცდომა დაუშვი, საკმაოდ რთული იქნება მისი გამოსწორება. ამიტომ შესაძლოა პროექტები განხორციელდეს ნელა, თუმცა ამას მხოლოდ კარგი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

– EBRD საკმაოდ გრძელვადიანი და სანდო პარტნიორია კომერციული ბანკებისთვის. როგორია მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები მომდევნო 5 წელში და თუ განიხილავს EBRD ლარის ობლიგაციების დამატებით ემისიებს?

– კომპანიებისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ ვალუტაზე ხელმისაწვდომობა, ვინაიდან მათ შემოსავლები ლარში აქვთ. ეს რაც შეეხება ჩვეულებრივ სესხებს. თუმცა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, ლარში დენომინირებული ბონდებით და სხვა ინიციატივების მეშვეობით, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. საკრედიტო ხაზები, რომელსაც კომერციულ ბანკებს ვუყოფთ საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვაღწევთ იმ კომპანიებამდეც კი, რომელთაც ჩვენ საკუთარი ძალისხმევით ვერ მივწვდებოდით.

რა თქმა უნდა მე არ ვიცი ვინ მოვა ხვალ ჩემთან ლარში დენომინირებული რესურსისთვის და გვთხოვს მხარდაჭერას ამ მიმართულებით, თუმცა იმედი მაქვს ასეთ მოთხოვნას მივიღებთ და მოხარული ვიქნებით თუ დავაკმაყოფილებთ.

– EBRD-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და გააორმაგა. რა იყო ის მთავარი საკითხები, რაც პროგნოზში გაითვალისწინეთ?

– ეკონომიკური ზრდა პრეპანდემიურ დონეს დაუბრუნდა, რაც საკმაოდ ოპტიმისტურია. ამ ზაფხულში შესანიშნავი აღდგენა დავინახეთ. მესამე კვარტალი ცოტათი შენელებული იყო, თუმცა საერთო ჯამში ეკონომიკა კარგად მიდის. ყველაფერი დაბალანსებულია და სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომაც გადავხედეთ ჩვენს პროგნოზს. ვფიქრობთ სამომავლო პერსპექტივები საკმაოდ კარგად გამოიყურება.

– როგორია თქვენი მოლოდინები ინფლაციასთან მიმართებით?

– ჩვენ, როგორც ფინანსური ინსტიტუტი ინფლაციის პროგნოზს არ ვაკეთებთ. თუმცა, ინფლაციაზე მოქმედი მთავარი ფაქტორები შენელდა. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლის მეორე ნახევარში ინფლაცია ნორმალურ დონეს დაუბრუნდება. თუმცა ეს ყველაფერი მაინც გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ შიდა ფაქტორებზე.

– როგორ შეგიძლიათ საერთო ჯამში შეაფასოთ მიმდინარე წელი და როგორი მოლოდინები გაქვთ 2022 წლისთვის.

– ეს წელი ჩვენთვის საკმაოდ კარგი იყო და ძალიან მიხარია, რომ კრიზისის რეჟიმიდან დავუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს. თითოეული პროექტი და კომპანია რაც დავაფინანსეთ შესანიშნავად ხორციელდება. ვიმედოვნებ, რომ კომპანიები მომავალშიც განაგრძობენ ჩვენთან დაფინანსებისთვის და ტექნიკური მხარდაჭერისთვის პარტნიორობას. განვაგრძობთ ბიზნესთან დაკავშირებული რეფორმების მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია საქართველო იყოს მიმზიდველი, როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ველი ამ პროცესების გაგრძელებას.

ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვანია გაეშვას ტენდერები, რომლებიც მზადდება განახლებადი ენერგიების მიმართულებით. ამ მიმართულებით ადგილობრივი კომპანიებიც საკმაოდ აქტიურები არიან. ეს კარგი იქნება როგორც საქართველოს ენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, ისე ინვესტიციების თვალსაზირისით. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით რეგიონებში, ვინაიდან ასეთი პროექტები, როგორც წესი რეგიონებშია. ამავე დროს, საზოგადოების ვაქცინაციით, ტურისტებს   შეეძლებათ უსაფრთხოდ ჩამოსვლა ქვეყანაში, რაც უზარმაზარი მამოძრავებელი იქნება.

Leave a Reply

Menu Title