კატასტროფული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „მწვანე ევროპა“

არსებობს სრულიად რეალური ალბათობა იმისა, რომ ზამთარში ევროკავშირში საწვავის მწვავე დეფიციტი წარმოიქმნას – მაღალი ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე უკვე ნორმად იქცა და ამას ბოლო არ უჩანს.

პუტინი კარგად ხვდება, რომ ევროპა რუსულ გაზზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კი ამ დამოკიდებულებას გააორმაგებს და უკრაინაზე, ევროკავშირზე, ნატო-ზე და პირველ რიგში ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაზე, გერმანიაზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღი გახდება.

გერმანია აგრძელებს თავის კატასტროფულ ენერგეტიკულ „მწვანე გადასვლას“ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე და ამავე დროს სანდო, ხელმისაწვდომ და მდგრად ელექტროსადგურებს ხურავს – პირველ რიგში ეს ნახშირის და ატომურ ელექტროსადგურებს ეხება.

2021 წლის დასაწყისში ფედერალური მთავრობის აუდიტორებმა აღმოაჩინეს, რომ 2020-2025 წლებში ქვეყანას ენერგომომარაგების სტაბილურობის შენარჩუნებისთვის $600 მლრდ დასჭირდება. გარდა ამისა, გერმანიას 2020 წელს 3 ატომური ელექტროსადგურის ენერგიის სხვა წყაროებით ჩანაცვლება $580 მლრდ დაუჯდა.

ამ ხარჯების მიუხედავად, გერმანელები უპირატესობას არასტაბილურ, ძალიან ძვირადღირებულ და უზარმაზარ ფართებზე გაშლილ მზის და ქარის ელექტროსადგურებს ანიჭებენ. მაგრამ თავს ნუ მოიტყუებთ – ჩვენ ჯერ კიდევ წიაღისეული ენერგომატარებლების სამყაროში ვცხოვრობთ და ეს რეალობა კიდევ დიდხანს არ შეიცვლება.

თუ გერმანია ამას ვერ მიხვდება, მას ენერგიის პერიოდული გათიშვები ელის და ეს მთლიანად ევროკავშირსაც ეხება.

ენერგოგადასვლა ბევრ დროის მოითხოვს – მსხვილმასშტაბიან ენერგოგენერაციაში ჯერ-ჯერობით ძირითადად მე-19 საუკუნეში და 1930-ან წლებში ჩამოყალიბებული პრინციპები მოქმედებს. ვერანაირი ახალი ტექნოლოგია დღეს ვერ უწევს კონკურენციას ენერგიის მოპოვების ამ ძველ საშუალებებს და ასე, როგორც მინიმუმ, 20-30 წელი გაგრძელდება“, – მიიჩნევს ანალიტიკოსი ენერგეტიკის დარგში ვაცლავ სმილი.

გერმანიამ და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ წევრ-ქვეყნებს გეოპოლიტიკური კოშმარი შეუქმნეს – მათ დანერგეს ეკოლოგიური დოგმები, რომელთა წინააღმდეგ ხმის ამოღება შეუძლებელია. ამან კი პუტინს ევროპაზე გაზის მიწოდებით გავლენის მოხდენის საშუალება მისცა.

2021 წლის თებერვალში შტატებში, კონკრეტულად კი ტექასში ელექტროენერგიის გათიშვები იყო იმის კარგი დადასტურება, რამდენად მცდარია ალტერნატიულ ენერგეტიკაზე ძირითადი აქცენტის გაკეთება. ამის შედეგი ენერგეტიკული სიღატაკე და ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი ევროპის უსაფრთხოების გარდაცვალება იქნება.

ნატო-ს პირვანდელი ამოცანა რუსების შეჩერება იყო, მაგრამ დღეს ევროკავშირი „გაზპრომი“-ს მიერ ხელ-ფერ შეკრულია. პუტინი გაზს იყენებს, როგორც იარაღს ლიბერალური წყობილების წინააღმდეგ და ეს ახალი რეალობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ აშშ-ს დღეს ხელმძღვანელობს ენერგეტიკულად ყველაზე უვიცი ადმინისტრაცია, რომელიც წიაღისეული საწვავის წინააღმდეგ გამოდის და რომლის ენერგეტიკული პოლიტიკაც ყველაზე გაურკვეველი და ბუნდოვანია სამრეწველო რევოლუციის პერიოდის შემდეგ.

სრულმასშტაბიანი ენერგოკრიზისი ევროპაში პირველ რიგში თავად ევროპის დამსახურებაა, რომელიც „მწვანე დღის წესრიგს“ დაუფიქრებლად, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრიორიტეტების და ამოცანების გარეშე მიჰყვება. ზრუნვა გარემოზე ახალ ავტორიტარიზმად იქცა და დღეს დასავლეთის ენერგოპოლიტიკას ეკოლოგი-აქტივისტები წარმართავენ. სწორედ ამის შედეგია ენერგოკრიზისი ევროპაში.

ამას ემატება გერმანელების ისტორიული კომპლექსები და დანაშაულის გრძნობა ფაშიზმის მხარდაჭერის გამო, რომელიც მათ რუსეთის მიმართ ზედმეტი ლოიალობისკენ უბიძგებს. სწორედ გერმანია არის ის ქვეყანა, რომელიც ევროპაზე რუსეთის ენერგოგავლენის ზრდას ხელს ყველაზე მეტად უწყობს.

ამერიკა და ნატო მაღალ ფასს გადაიხდიან იმაში, რომ გერმანია და მთლიანად ევროპა რუსებს ელაქუცება. კატასტროფულად მაღალი ფასები გაზზე და საწვავის დეფიციტი – ეს უკვე ახალი რეალობაა, რომელიც დამოკიდებულია ერთი კაცის, ვლადიმირ პუტინის ახირებებზე.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title