რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, აშშ ევროპას გაზით უზრუნველყოფას ჰპირდება

აშშ-ს ადმინისტრაცია მზადაა უზრუნველყოს ევროპის ქვეყნებისთვის ალტერნატიული გაზის მიწოდება, თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს.

აღნიშნულის შესახებ Bloomberg იტყობინება, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელის სიტყვებზე დაყრდნობით.

„აშშ მიაწვდის ევროპას ალტერნატიულ ბუნებრივ აირს საჭიროების შემთხვევაში“, – წერს სააგენტო.

კერძოდ, აღნიშნული მიზნით, ვაშინგტონი ინარჩუნებს კონტაქტებს თხევადი გაზის მწარმოებლებთან და განიხილავს იმ კომპანიების შესაძლებლობებს, რომლებსაც შეუძლიათ დიდი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდების ორგანიზება. Bloomberg აღნიშნავს, რომ ხსენებულს ადგილი ექნება “რუსეთისგან მიწოდების შეფერხების შემთხვევაში”.

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ენერგეტიკის სექტორი „იარაღად“, რადგან, მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში ის თავად დაზარალდება.

მან ასევე დაამატა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა მოლაპარაკებები გამართეს რამდენიმე საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიასთან, უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გეგმებზე.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა მოუწოდა ამერიკულ ჩიპების მწარმოებელ კომპანიებს, რომ მზად იყვნენ დააწესონ შეზღუდვები რუსეთში პროდუქციის ექსპორტზე. გარდა ამისა, აშშ-ს სენატმა მოამზადა სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს პერსონალურ შეზღუდვებს პუტინის, რუსეთის ოფიციალური პირებისა და ძირითადი საბანკო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომელიც ძალაში შევა იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ.

 

Leave a Reply

Menu Title