რუსული ენერგეტიკული „საფრთხის“ გამო, Volkswagen-ი ქვანახშირის გამოყენებას ახანგრძლივებს

Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი რუსეთსა და ევროპას შორის დაძაბული ვითარების ფონზე, ქვანახშირის გამოყენების გახანგრძლივებას გეგმავს.

ჰერბერტ დისის განცხადებით, არსებული „ენერგეტიკული საფრთხის“ გამო, რაიმეს პროგნოზირება რთულია, თუმცა თავის დასაზღვევად ვოლფსბურგში კომპანიას კვლავ აქვს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები. აქედან გამომდინარე, Volkswagen-მა, ნახშირისა და გაზის კვლავ გამოსაყენებლად, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების განახლება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის CEO-მ განცხადება, ევროკავშირის მიერ კრემლისადმი ახალი სანქციების დაანონსების დღესვე გააკეთა.

ვოლფსბურგში, 6.5 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული VW-ის საწარმოო ობიექტი, ორ კოგენერაციულ ქარხანას იყენებს, რომლებიც  სითბოსა და ელექტრობის თანადროულ წარმოქმნას უზრუნველყოფენ. კომპანია, ნახშირბადის ემისიების შემცირების მიზნით, ქვანახშირზე მომუშავე ქვაბების შეცვლას გაზისა და ორთქლის ტურბინებით გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, გლობალურმა ვითარებამ გავლენა VW-ის გეგმებზეც იქონია.

გასულ კვირას Volkswagen-ის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი კვარტალის შედეგებით, კომპანიის საოპერაციო მოგება 513 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მაშინ როდესაც, გასული წლის იმავე კვარტალში მოგებამ 490 მილიონი შეადგინა. თუმცა, კომპანიის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 17.6 მილიარდთან შედარებით, გაყიდვების შემოსავალი შემცირდა და 15 მილიარდ ევროზე ნაკლები შეადგინა.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title