ჩინეთი კოსმოსური მზის ელექტროსადგურების პროგრამას 2028 წლისთვის დანერგავს

ახალი მოხსენების თანახმად, ჩინეთი კოსმოსური მზის ელექტროსადგურების პროგრამას თავდაპირველად დათქმულ ვადაზე ორი წლით ადრე, 2028 წელს დანერგავს. აქამდე არსებული გეგმით, ჩინეთი კოსმოსში 1-მეგავატიანი მზის ენერგიის სადგურის განთავსებას 2030 წლისთვის აპირებდა.

ჟურნალ Chinese Space Science and Technology-ში გამოქვეყნებული ახალი მიზნების მიხედვით, ჩინეთი სატელიტს, რომელიც კოსმოსიდან მიწამდე, 400 კილომეტრ სიმაღლეზე, ელექტროენერგიის გადაცემის უსადენო ტექნოლოგიას დატესტავს, 2028 წელს გაუშვებს. მკვლევრების განცხადებით, თანამგზავრი მზის ენერგიას მიკროტალღებად ან ლაზერებად გარდაქმნის და ენერგიის სხივებს სხვადასხვა სამიზნისკენ, მათ შორის დედამიწაზე ფიქსირებული მდებარეობებისა და მოძრავი თანამგზავრებისკენ მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, კოსმოსში 2035 წლისთვის საპილოტე მზის ელექტროსადგურის განთავსების გეგმა დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც განიხილა. 16 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების პროექტის განხორციელება ევროპული თავდაცვის კონტრაქტორების, მათ შორის Airbus-ის დახმარებით იგეგმება. გარდა ამისა, მსგავსი გეგმა ორი ათეული წლის წლის Nasa-მაც წარადგინა, მაგრამ მაღალი ხარჯებისა და ინფრასტრუქტურის სირთულის გამო, გეგმის განხორციელების პროცესი შეაჩერა. თუმცა, გასულ თვეში გაკეთებული განცხადებით, პროექტზე Nasa ამჟამად უკვე აშშ-ის საჰაერო ძალებთან ერთად მუშაობს.

ჩინეთის გეგმით, კოსმოსური მზის ელექტროსადგურებიდან გამომუშავებული სიმძლავრე 10 კილოვატს მიაღწევს, რაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება საკმარისი. თუმცა, პროექტზე მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, ტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, რაც, თავის მხრივ, „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს 2030 წლისთვის ნახშირბადის პიკისა და 2060 წლამდე ნეიტრალიტეტის მიზნების მიღწევაში“.

წყარო: forbes.ge 

Leave a Reply

Menu Title