გაზპრომის მიზანია, საქართველოდან აზერბაიჯანული გაზის გააძევოს

ნავთობის შემდეგ საფასო ჭერს რუსულ გაზზეც დააწესებენ

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ევროპაში ენერგორესურსების მხრივ რთული ვითარებაა. უკვე რამდენიმე თვეა გაზის ტარიფი პიკზეა, რის გამოც ევროკავშირმა ბუნებრივ აირზე ზღვრული ფასის დაწესების საკითხის განხილვა დაიწყო. ისინი ღირებულების შემცირებას განიხილავენ. თუ ნავთობის შემდეგ გაზზეც დაწესდება ზედა ზღვარი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას რუსეთის მხრიდან?

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა საშიშროება, რომ ევროპისთვის ზამთარი რთული გადასატანი იქნებოდა. უკვე 10 თვეა, რაც გაზი მკვეთრად გაძვირებულია. ევროკავშირი ყველაფერს ცდილობს ღირებულების შემცირებისთვის და ამიტომაც ბუნებრივ აირზე ზედა ზღვრის დაწესების განხილვა დაიწყო.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 კბ/მ-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი ქვეყანა ერთმანეთისგან გაყო.“

რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე გერმანია, გაზის ფასზე რაიმე ლიმიტის დაწესებას ეწინააღმდეგება. მათი აზრით, ამან შესაძლოა, მიწოდების უზრუნველყოფა გაართულოს. ბელგია, იტალია და პოლონეთი კი, პირიქით, მიიჩნევენ, რომ ეს მომხმარებლებსა და ეკონომიკას ენერგიაზე მაღალი ფასების შოკისგან დაიცავს. გერმანია პოზიციას არ იცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებას შესაძლოა, 13 დეკემბრის შეხვედრაზეც ვერ მიაღწიონ და 19 დეკემბერს მორიგი შეხვედრა გახდეს საჭირო.

აგვისტოში ევროპაში გაზის ღირებულება 1000 კბ/მ-ზე, თითქმის, 3600 დოლარამდე გაიზარდა, მოგვიანებით კი დაეცა და 6 დეკემბრის მდგომარეობით 1400 დოლარი შეადგინა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რვა თვეში ევროკავშირმა რუსული გაზი ორი მესამედით ჩაანაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ევროპაში რუსული გაზი ჩანაცვლონ ეს მაინც რთულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია თითოეული გადაწყვეტილება, რათა ევროპამ ზამთრის გადატანა შეძლოს. მას შემდეგ, რაც რუსეთს ნავთობზე 60-დოლარიანი ზღვარი დაუწესდა, ახლა იგივე გაზზეც იგეგმება სავარაუდოა, რომ რუსეთი ამ პროცესებს უპასუხოდ არ დატოვებს.

როგორც, ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, ფასის ჭერის დაწესება არ გამოიწვევს დეფიციტს. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში სერიოზული პრობლემა არ შეიქმნას.

„გაზზე ზღვრული ფასის დაწესება ნიშნავს იმას, რომ როცა დეფიციტები იქმნება, დადგენილ ფასზე ზევით არ წავიდეს და სპეკულაცია არ დაიწყოს. მაგალითად, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც 1000 კბ/მ-ის ღირებულებამ 3000 ევროს გადააჭარბა. ეს ხდება იმიტომ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში სერიოზული პრობლემა არ შეიქმნას. დეფიციტი ან ფასთა ცვლილება ამას არ მოჰყვება.

რუსეთს, რასაკვირველია, არ მოსწონს ჭერის დაწესება, თუმცა ეს კეთდება ზუსტად იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ. რუსეთი არ შეაჩერებს გაზის მიწოდებას, რადგან ფასი, რომელსაც მათ უწესებენ, უკვე არის იმ ოდენობის, რომ მისთვის არ იქნება მიუღებელი. როგორც დაუშვათ, 60-დოლარიანი ნავთობი არ არის მიუღებელი, ასევე იქნება ბუნებრივი აირის შემთხვევაში.

მიმდინარე სიტუაცია არ გამოიწვევს რუსეთის სერიოზულ პროტესტს. რადგან ფასი არ არის ისეთი როგორსაც, მაგალითად, უკრაინა ითხოვდა. 30 დოლარი რომ დაეწესებინათ ნავთობზე, მაშინ იქნებოდა სერიოზული პრობლემა. ახლა კი ორჯერ მეტია. აქედან გამომდინარე, არც 1000 კბ/მ-ზე 2321 ევროს დადგენას არ მოჰყვება რუსეთის პროტესტი“, – აღნიშნა „რეზონანსთან“ არაბიძემ.

საქართველოს, რა თქმა უნდა, ამ მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. როგორც ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, მიმდინარე გადაწყვეტილებები საქართველოზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

„ცოტა ხნის წინ ნავთობზეც ხომ განისაზღვრა მაქსიმალური ზღვარი, ახლა აწესებენ გაზზეც, რაც არის თითქოს ანტირუსული გადაწყვეტილება. თუმცა, იმის გათვალისწინებით თუ რა ღირდა გაზი 2022 წლის 24 თებერვლამდე, როგორ გაძვირდა და აიწია ფასმა, ყველა ვხედავთ. ახლა ევროპა იძულებულია გადაიხადოს მუდმივად მზარდი გადასახადი.

საქართველოზე არაფერი იმოქმედებს, არ მოიმატებს ფასი, არ შეიქმნება არც დეფიციტი. ჩვენ ტრანზიტიდან უფასო მიწოდებაზე უარი 2016 წელს ვთქვით და გვიწევს ბუნებრივი არის შესყიდვა საბაზრო ფასით“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ და ერთ ბარელ რუსულ ნავთობზე ჭერი 60 დოლარით განისაზღვრა. მიღებულ გადაწყვეტილებას კრემლმა უკვე უპასუხა. “ბლუმბერგმა” ორ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვი დიდი საზღვარგარეთ გაყიდულ ნავთობზე ფასის მინიმალური საექსპორტო ნიშნულის დაწესებას განიხილავს.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply

Menu Title