ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ, რომ ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია.

კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება და დღეისათვის ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა. ამ დროისთვის ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) – Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51,48დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა –  50,43 დოლარი/ბარელზე.

ნავთობის მიმდინარე ფასებზე  მოქმედებს  შემდეგი ძირითადი ფაქტორები:

“ბოლო პერიოდში კანადასა და ნიგერიიში მოხდა  ნავთობის მოპოვებისა და შესაბამისად, მისი ექსპორტის შემცირება. თუ კანადაში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით აღინიშნება ტექნიკური პრობლემები,  ნიგერიაში ვითარება კიდევ უფრო რთულადაა. ე.წ. „ბოევიკთა დაჯგუფების“ მიერ მოხდა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნავთობსადენების დაზიანება, რამაც გამოიწვია ნიგერიაში ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება.

ამავდროულად წლის დასაწყისიდან იზრდება ნავთობის იმპორტი და მოხმარება ჩინეთსა და ინდოეთში. კერძოდ, ჩინეთში  ბენზინის მოხმარება 6%-ითაა გაზრდილი.

არსებობს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ში კვლავ გააგრძელებს შემცირებას ნავთობის სტრატეგიული და კომერციული მარაგები, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე.

ნავთობის ფასის მიმდინარე ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული 2 ივნისს გამართულ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების (ოპეკი) შეხვედრაზე, სადაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ნავთობის მიმდინარე მოპოვების „გაყინვათან“ დაკავშირებით.

მსოფლიო სანავთობო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე ირანი ყოველდღიურად ზრდის მსოფლიოში ნავთობის ექსპორტს. ასევე გაზრდილია ნავთობის მოპოვება და ექსპორტი ერაყიდან და ქუვეითიდანაც.

ბოლო 2 მნიშვნელოვანი ფაქტორის მიუხედავად, რომელიც წინა პერიოდში ნავთობის დაბალ ფასებს განსაზღვრავდა, ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს.

წინ არის ზაფხულის პერიოდი, როდესაც ტრადიციულად ნავთობზე მოთხოვნილება და მისი მოხმარება იზრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ რთული პოლიტიკური ვითარებაა რიგ მნიშვნელოვან ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში. შესაბამისად, ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია”, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply

Menu Title