„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საქმიანობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ძალიან აქტიურად დაიწყო“ - ამის შესახებ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კონსულტანტი თემურ თორდინავა EnergyNews-თან საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, პირველ კვარტალში სასწავლო ცენტრმა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო, მათ შორისაა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯამში 500-მა მოსწავლემ ინფორმაცია მიიღო განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ.

„ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი 2 წლის გახდა. ცენტრის საქმიანობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ძალიან აქტიური იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 3 მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. პირველი იყო გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერილი  პროექტი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონში. ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ფორმატში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 500-მა სკოლის მოსწავლემ. მათ მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები განახლებად ენერგიის როლთან  დაკავშირებით,  კლიმატის ცვლილებებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის კუთხით.  გარდა ამისა საჯარო ლექციები ჩატარდა თემებზე:  „ენერგეტიკა როგორც მომავლის პროფესია და ქალების როლის გაძლიერება ენერგეტიკის სექტორში.

კომპლექსურმა აქტივობებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს  სიღრმისეული  ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით“. - აღნიშნავს თემურ თორდინავა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სასწავლო ცენტრმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. აღნიშნული ეხება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. თემურ თორდინავა აცხადებს, რომ ამ პერიოდში ჩატარდა კვლევა, რომელმაც ძალიან საინტერესო ტენდენციები გამოავლინა, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივიღებთ.

„მეორე პროექტი, რომლის განხორციელებაც პირველ კვარტალში დავიწყეთ იყო ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერილი პროექტი, სადაც წამყვანია  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.  პროექტში ასევე ჩართულია ორგანიზაციები  სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან  და ჩეხეთიდან. იგი ეხება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მიზნობრივი აუდიტორია გახლდათ მედიის, აკადემიური წრის, სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობისა და  რეგულირებადი კომპანიების წარმომადგენლები. ამ პერიოდში განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები, ჩატარდა  კვლევები,  რომელშიც სამასამდე რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა და უკვე ჩვენ შევდივართ იმ ფაზაში, რომ კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში წარმოვადგინოთ“. - აცხადებს თემურ თორდინავა.

რიგით მესამე პროექტი კი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევას ეხება. თემურ თორდინავას თქმით, კვლევის შედეგები რამდენიმე თვეში იქნება ცნობილი.

„მესამე პროექტი, რომელიც დავიწყეთ არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3 წლიანი პროექტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება. პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ იგი ეხება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევას.

ჩვენ ამ მიმართულებით პირველ კვარტალში უკვე დავიწყეთ მნიშვნელოვანი კვლევები ქვეყანაში არსებული ინსტიტუციონალური, ინფრასტრუქტურული, საკანონმდებლო და ტექნოლოგიური გარემოს შესწავლა-ანალიზის მიმართულებით. კვლევის შედეგები დამუშავების პროცესშია და რამდენიმე თვეში ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს წარვადგენთ“. - აღნიშნავს თემურ თორდინავა.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა სხვა რიგი აქტივობებიც განახორციელა, რაც ძირითადად  კვალიფიკაციის დონის ამაღლებას ემსახურება.

„გარდა ამ აქტივობებისა, ცენტრი აქტიურად ახორციელებს გადამზადების მიმართულებით ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ტრენინგებს. ეს ტრენინგები არის როგორც ენერგეტიკის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სატარიფო პოლიტიკისა და წყლის რეგულირების მიმართულებითაც. ამ კუთხით, პირველი კვარტალი ძალიან აქტიური იყო და ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“. - აცხადებს თემურ თორდინავა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება.